ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი დამიანო ტომაზი სერია A-ს მიმდინარე სეზონის შეჩერებას ითხოვს.
იტალიაში კორონავირუსის გამო ვითარება ბოლო 24 საათში განსაკუთრებით დამძიმდა, რის გამოც ტომაზი Lega Calcio-ს ჩემპიონატის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„შეაჩერეთ ჩემპიონატი! სხვა კიდევ საჭიროა? შეჩერდეს ფეხბურთი!“, - დაწერა ტვიტერში დამიანომ.
აქვე გეტყვით, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 5 ათას ადამიანს გადააჭარბა და ბოლო 24 საათში სარეკორდო მატება დაფიქსირდა. ლომბარდია და კიდევ 11 პროვინცია კი წითელ ზონაში მოხვდა და ყველა მათგანი ჩაიკეტა, მოქალაქეებს 3 აპრილამდე ჩაკეტილ ადგილებში შესვლა-გასვლა ეკრძალებათ.
რაც შეეხება ფეხბურთს და სპორტს, რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით 3 აპრილამდე იტალიაში სპორტული ღონისძიებები უმაყურებლოდ უნდა გაიმართოს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ კი, ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომლის საფუძველზეც, თუ სერია A-ში მოასპარეზე რომელიმე ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდება, არაა გამორიცხული მიმდინარე გათამაშება შეწყვიტონ.