ფეხბურთი

17:11 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ჟურნალისტი: "რონალდუს "რეალში" დაბრუნების სურვილი გაუჩნდა"

კრიშტიანუ რონალდუს „რეალში“ დაბრუნება უნდა. აღნიშნული ინფორმაცია El Chiriguito-სთან საუბარში პორტუგალიელის მეგობარმა და ჟურნალისტმა ედუ აგირემ გაავრცელა.

როგორც მან განაცხადა, მას შემდეგ, რაც რონალდუ „ელ კლასიკოს“ დაესწრო, ყოფილ გუნდში დაბრუნების სურვილი აუცილებლად გაუჩნდებოდა.

„დარწმუნებული ვარ, რონალდუს მადრიდში დაბრუნების სურვილი გაუჩნდა. წარმოუდგენელია, რაც მის გამო ხდებოდა, ხალხი ერთი საათით ადრე მივიდა სტადიონზე, რადგან იცოდნენ, რომ თამაშს კრიშტიანუ დაესწრებოდა. მოედნის ნაცვლად შეხვედრამ მეორე სართულზე გადაინაცვლა, სიგიჟე იყო. რონალდუ მადრიდისტაა და დარწმუნებული ვარ დაბრუნება უნდა.

რა თქმა უნდა, ახლა „იუვენტუსზე“ და ჩემპიონთა ლიგაზე სრულადაა კონცენტრირებული და ვერავინ შეძლებს მისი ყურადღების გაფანტვას, თუმცა არ ვიცი და არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს მომავალში. „იუვეში“ ახლა ბედნიერია და ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, მაგრამ მადრიდისტაა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, „რეალი“ ბოლო წელიწადნახევარში როგორი გუნდია“, - თქვა აგირემ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „რეალი“ – „ბარსელონას“ მატჩს ტრიბუნიდან მიადევნა თვალი და შესვენებაზე მადრიდელთა გასახდელშიც შევიდა. პორტუგალიელი „სამეფო კლუბში“ 9 წელი თამაშობდა, წარუშლელი კვალიც დატოვა, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 438 თამაშში კი 450 გოლი გაიტანა.

2018 წელს კრიშტიანუ 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ „იუვენტუსში“ გადავიდა და ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. შავ-თეთრი მაისურით სეზონნახევარში ლუზიტანელმა 74 მატჩში 53 გოლის გატანა მოახერხა.

0.116849