კალათბურთი

10:08 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას რეკორდები და ტურის MVP-ის ტიტული! (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესას XXII ტურის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა. „ბასკონია“ „ფუენლაბრადასთან“ 15 ქულით აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ორი ოვერტაიმის წყალობით გამარჯვება მოიპოვა.

ამას ნამდვილად ვერ შეძლებდა, რომ არა ქართველი კაპიტნის დაუვიწყარი თამაში. შენგელიამ 47:41 წუთში 32 ქულა დააგროვა, რაც მისთვის სარეკორდო ნიშნულია ლიგა ენდესაში და მიმდინარე სეზონის მერვე ტურში ნაჩვენები შედეგი (29 ქულა „მონბუსთან“) გააუმჯობესა.

თორნიკემ 14-დან 8 ორქულიანი (57%), 5-დან 3 სამქულიანი (60%) და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო (64%). გარდა ამისა, ბურთი 13-ჯერ მოხსნა (ცხრაჯერ დაცვაში, ოთხჯერ შეტევაში), 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და 3 ჩაჭრა დააგროვა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 44-ს გაუტოლდა, რაც „თოკომოტივის“ ესპანურ კარიერაში ასევე პირადსარეკორდო ნიშნულია. მანამდე საუკეთესი მაჩვენებელი (41) 2017-2018 წლების სეზონში „მურსიასთან“ 30-ე ტურში ჰქონდა დაფიქსირებული.

„ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით და ამ გამარჯვებით. „ფუენლაბრადას“ დიდ პატივს ვცემ, რადგან შესანიშნავი მეტოქეა. ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და არასდროს ვნებდებით. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან პლეი-ოფს უფრო მივუახლოვდით. ჩემი სტატისტიკა ცალკეა, უსარგებლოა თუ ვერ ვიგებთ. ყოველშემთხვევაში მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს და მწვრთნელებს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე“, - თქვა შენგელიამ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე მერვე ტურის და მოგვიანებით თებერვლის თვის MVP გახდა.

0.118147