ბლოგი

14:21 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთიდან-დასავლეთისაკენ

ლათინური ამერიკის საფეხბურთო მესვეურები ან უბრალოდ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანები, ყოველთვის იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან, ევროპაში ფეხბურთელების მასობრივი გადინების წინააღმდეგ. ეს სენი განსაკუთრებით არგენტინასა და ბრაზილიაშია ფესვგადგმული და ამ ორი ლათინოამერიკული წამყვანი ქვეყნების ფეხბურთს, დიდ დარტყმას აყენებს.

ხშირად ამბობენ, რომ ყოველწლიურად, 500, ანდა მეტი მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის ქვეყნიდან წასვლა არგენტინულ ფეხბურთზე ისე მაინც არ იმოქმედებს, როგორც სკეპტიკოსებს ჰგონიათ და მსგავსი პანიკა უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ყველა აღიარებს იმასაც, რომ ახალ კონტინენტზე ფეხბურთის არცთუ მაღალი ტემპებით განვითარებას, საბოლოო ჯამში ფინანსურ პრობლემებზე მეტად, ფეხბურთელთა მასობრივი მიგრაცია განაპირობებს.

სხვა რაზე უნდა იოცნებოს, სადმე, როსარიოს გარეუბანში გაზრდილმა, ნახევრად მშიერმა და ფეხშიშველა ბიჭმა, თუ არა ფეხბურთელობაზე. მას ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ არსებობდა გარინჩა, რობერტო კარლოსი, მარადონა, ბატისტუტა... ეს ფეხბურთის ვარსკვლავებიც, თავის დროზე რიო-გრანდელი ყმაწვილივით, ნახევრად მშივრები აგირებდნენ ბურთს ბუენოს აირესის, სან პაულუსა თუ კორდობას ქუჩებში და ასევე ოცნებობდნენ იმ გზაზე, რომელიც თავის დროზე დიდმა ალფრედო დი სტეფანომ გაიარა.

არავინ იცის მომავალში რა მოხდება და საერთოდ – დადგება თუ არა ვარსკვლავი რომელიმე კონკრეტული მოზარდისაგან. ამ დროს არავინ ფიქრობს, რომ ევროპის უსახელო გუნდებში ლათინოამერიკელი ტალანტების გადინებით, პირველ რიგში ადგილობრივი პირველობები ზარალდება. საოცნებო სიტყვა: “ევროპა” და ევროპაში სათამაშოდ წასვლა, სამხრეთ ამერიკელებზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს.

არგენტინელები უკვე აღარ მალავენ, რომ მათი ჩემპიონატი დაღმასვლას განიცდის. ანდა ძალიანც რომ უნდოდეთ როგორ უნდა დამალონ ის გაქტი, რომ ფინანსურად მეტ-ნაკლებად ყველაზე წელმომაგრებული ისეთი არგენტინული კლუბები, როგორიც: “სან ლორენცო”, “ბოკა ხუნიორსი” და “რივერ პლეიტი” არიან, მექსიკელი, პარაგვაელი, ჩილელი და ურუგვალელი ფეხბურთელების ტრამპლინად იქცნენ.

ფეხბურთელების ქვეყნიდან მასობრივად გადინების კუთხით, ურუგვაელებს, პარაგვაელებს და სხვა პატარა ლათინოამერიკულ ქვეყნებს, არგენტინაზე და ბრაზილიაზე ბევრად ცუდი მდგომარეობა აქვთ. ამ ქვეყნებიდან ფეხბურთელების მიგრაცია ჯერ არგენტინაში ან ბრაზილიაში ხდება (ამ შემთხვევაში, არგენტინა და ბრაზილია ერთგვარ ფეხბურთელების საფონდო ბირჟას წარმოადგენენ) იმ პერსპექტივით, რომ მომავალში მათით ევროპელებიც დაინტერესდებიან.

საბოლოო ჯამში, ყველა ლათინოამერიკული ოცნების ზღვარი მაინც ევროპაზე გადის. იმ ევროპაზე, რომელიც სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს, ხშირ შემთხვევაში გულში ნამდვილად არ იხუტებს.

0.12101