კალათბურთი

22:00 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

უდიდესი გამარჯვება: საქართველომ ბელგრადში სერბეთი დაამარცხა!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მასპინძლის რანგში უკვე მოპოვებული აქვს, მაგრამ ბელგრადში სერბეთთან გამარჯვებას მაინც სხვა გემო აქვს.

გემო, რომელიც იშვიათად გაგვისინჯავს და რომელიც მართლაც დაუვიწყარია. დაუვიწყარია ის ემოციებიც, რომელიც ბელგრადში დღეს გამართულმა შეხვედრამ მოგვიტანა. ევროლიგისა და NBA-ს რეგულაციების გამო სერბეთი, რომელსაც სხვათა შორის, ჩვენი ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი ავარჯიშებს, უძლიერესი შემადგენლობით ვერ დაგვხვდა მაგრამ იმავე მოტივით ჩვენც გვაკლდა ორი ლიდერი.

თანაც, ბელგრადში, მითუფრო მოტივირებულ სერბეთთან მოგება ყოველთვის სასიხარულო და ღირსშესანიშნავია. ბრწყინვალე მატჩი, რომელიც დიდხანს არ წაიშლება ქართული კალათბურთის მატიანიდან.

შეხვედრა მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და თავიდანვე მოიპოვეს ნორმალური უპირატესობა. საწყისი ათწუთეულიც ათი ქულით მოიგეს. თუმცა, სერბებისთვის ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა...

დარჩენილი სამივე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა მოიგო და სერბეთი მისსავე მოედანზე დაამარცხა! ათქულიანი ჩამორჩენის შემცირება ქართველმა კალათბურთელებმა ნელ-ნელა დაიწყეს და მესამე პერიოდის ბოლოსკენ უკვე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სერბები ორ-სამ ქულაზე მეტით გაქცევას ვეღარ ახერხებდნენ და ნათელი იყო, რომ საქართველო არაფერს დათმობდა.

თად მაკფადენისა და გიორგი შერმადინის შეჩერება სერბებისთვის პრაქტიკულად გადაუჭრელი ამოცანა გახდა. ქართველმა ცენტრმა 23 ქულას 11 მოხნა დაამატა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებელი 29-ს გაუტოლდა. მატჩის MVP კი, სრულიად დამსახურებულად მაკფადენი გახდა. ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა 36 წუთში 33 ქულა და 7 პასი დააგროვა (31 მარგი ქმედების კოეფიციენტი). განსაკუთრებით გამოსარჩევია მაკფადენის გმირობა ბოლო წამებზე, გარდამტეხ მომენტში. ჯერ იყო და, როდესაც სერბეთი 90:89 იგებდა, სამქულიანით დაგვაწინაურა და მეტოქე უკვე მაშინ ჩააგდო მძიმე ვითარებაში. კოკოშკოვის გუნდის შემდეგი იერიში კი უშედეგო გამოდგა, პირიქით დაჯარიმდნენ კიდეც და თადმა ორივე საჯარიმო გამოიყენა.

შედეგად, საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე მიღებული 4-ქულიანი უპირატესობა უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. ილიას ზუროსის გუნდმა შედეგის თვალსაზრისით უმნიშვნელო მატჩში მეტად მნიშვნელოვანი და პრესტიჟული გამარჯვება იზეიმა. დიახ, ეს პრესტიჟია, როდესაც ბელგრადში სერბეთს ამარცხებ.

კარგის მეტი არაფერი გვეთქმის, შვეიცარიასთან მძიმე გამარჯვებისა და შეიძლება ითქვას უფერული თამაშისა, სამიოდ დღეში საქართველომ დიდი სიხარული მოგვიტანა. ბოლოსკენ ვთქვათ, რომ საქართველო ჯგუფს ორი მოგებით ლიდერობს და მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს, ფინეთში ჩაატარებს. თუმცაღა, კიდევ გავმეორდებით, ამ შესარჩევ ციკლს შედეგის კუთხით საქართველოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.

მადლობა, ბიჭებო!!!

სერბეთი - საქართველო 90:94 (28:18, 20:23, 19:24, 23:29)

მატჩის და კალათბურთელების სტატისტიკური მონაცემები...

0.220746