ბელარუსის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ მარტამდე სანაკრებო ფანჯარა გამოყოფილი არაა, მიხაილ მარხელის გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბულგარეთში შეკრებას გაივლის და ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.
ვინაიდან ბელარუსის ნაკრების შემადგენლობა შიდა ჩემპიონატის კლუბებიდანაა დაკომპლექტებული, ეს შეკრება შესაძლებელი გახდა. თუმცა, მარხელი პრობლემებს მაინც გადააწყდა, რადგან ბოლო მომენტში რამდენიმე გუნდმა ფეხბურთელების ნაკრებში გაშვებაზე უარი თქვა.
გარდა ამისა, ბელარუსებს ტრავმებიც მოეძალათ და სამი მეკარე დაშავებული ჰყავთ. დაშავდა ნაკრების კაპიტანი, „კრასნოდარის“ მცველი ალექსანდრ მარტინოვიჩიც, რომელიც სავარაუდოდ შვიდი კვირა იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან მოედანზე ვერ გავა.
„დიახ გვქონდა უცხოურ გუნდებთან მოლაპარაკებები ფეხბურთელების გამოშვებაზე, მაგრამ სამწუხაროდ ყველამ უარი თქვა. საქართველოსთან ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ბელარუსის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი შიდა ჩემპიონატში თამაშობს. ქართველებს არ აქვთ ეს შესაძლებლობა და ამიტომ ახლა სპარინგებს არ ატარებენ. თებერვლის შეკრება ჩვენი კოზირია და სულელური გადაწყვეტილება იქნებოდა მისი არგამოყენება.
მარტინოვიჩს წინასაწარი ინფორმაციით, ბარძაყის ტრავმის გამო 7 კვირა გაუცდება. გუტორი და ჩიჩკანიც ტრავმირებულნი არიან. უნდა ვიცოდეთ ვის უნდა დავეყრდნოთ ფორსმაჟრულ სიტუაციაში. გასაგებია, რომ ნაკრებშიც არსებობს ტრავმის საფრთხე, მაგრამ კლუბებშიც ასეა. ცხოვრება ასეთია, ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. მეკარეებს რაც შეეხება, ჩიჩკანი მინიმუმ ორი კვირა იუქმებს, ასე დავრჩით სამი მეკარის გარეშე. ამიტომ, თებერვლის შეკრების ორი მატჩისთვის პავლიუჩენკოს და ხაცკევიჩს ვამზადებთ.
როგორ შევცვლით მარტინოვჩს საქართველოსთან? ამიტომაც მინდოდა „შახტიორიდან“ პოლიტევიჩის გამოძახება, რომელიც კარგად თამაშობს და იმედია თბილისში დაგვეხმარება“, - თქვა მარხელმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 26 მარტს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება.