უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა და საწყის ორ მატჩში მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. არავინ იცის, რა მოხდება სამი კვირის შემდეგ, მაგრამ ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილებში ფავორიტად შერაცხული გუნდები დამარცხდნენ.
მოქმედი ჩემპიონის მატჩით დავიწყოთ, რადგან 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის პირველი გოლიც ამ შეხვედრაში გავიდა. „ლივერპული“ პრობლემებით სავსე „ატლეტიკოს“ ეწვია, რომელიც ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, ხოლო იურგენ კლოპის გუნდი პირიქით - წყვეტს!
მიუხედავად ამისა, „ანდა მეტროპოლიტანოზე ინგლისურმა გრანდმა ჩემპიონისთვის არადამახასიათებელი ფეხბურთი აჩვენა და დამარცხდა. მარცხი კიდევ არაფერი, ისეთი ანგარიშით წააგო, „ენფილდ როუდზე“ მისი აღმოფხვრა ნამდვილად ხელეწფიება, მაგრამ თამაშის ხარისხი? დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ ცნობილია, რომ მეტოქეებს თამაშში ხელს მაქსიმალურად უშლის, მაგრამ „ლივერპულისგან“ 90 წუთში არცერთი რეალური საგოლე შანსი და კარის ჩარჩოში არცერთი დარტყმა, მართლაც იშვიათია. ბოლოს ასეთი რამ 2018 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც „ნაპოლისთან“ სტუმრად წააგო.
წააგო ამჯერადაც და საულ ნიგეზის ადრეულმა გოლმა გადაწყვიტა პირველი ჯახის ბედი. „როხიბლანკომ“ კუთხური ჩააწოდა, იქ არეულობაში ბურთი საულს დარჩა, რომელსაც ისღა დარჩენოდა გაეტანა და გაიტანა კიდეც. წინ მთელი თამაში იყო, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. მეტიც, როგორც ვთქვით, ინგლისელებმა იან ობლაკი ვერ ანერვიულეს, ხოლო ესპანელებმა ამის შემდეგ ერთხელ შეაწუხეს ალისონი, როდესაც ბრაზილიელმა ალვარო მორატას აჯობა. ეგ იყო და ეგ.
ახლა მთავარი თამაში „ენფილდზე“, სადაც მერსისაიდელებს 0:1 კი არა, გაცილებით დიდი სხვაობა გაუნულებიათ, მაგრამ ვნახოთ. სიმეონეს „ატლეტიკო“ ბრძოლისუნარიანი გუნდია და ადვილად ცხადია არაფერს დათმობს. ბოლოსკენ ვთქვათ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (ნოვაციაა, ამიერიდან ჩემპიონთა ლიგაზე ყოველი მატჩის საუკეთესო მოთამაშეს უეფა ავლენს) მადრიდელთა განაპირა მცველი რენან ლოდი დასახელდა, რომელმაც მოჰამედ სალაჰი გააფერმკრთალა იმდენად, რომ კლოპმა მეორე ტაიმის შუაწელს შეცვალა.
„ატლეტიკო“ – „ლივერპული“ 1:0 (1:0) VIDEO
მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“
მაყურებელი: 67 443
„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ვრსალიკო, სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი; ლემარი (ლორენტე 46), ტომასი, კოკე, საულ ნიგეზი; მორატა (ვიტოლო 70), კორეა (დიეგო კოშტა 77)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი (მილნერი 80), ფაბინიო; სალაჰი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 72), ფირმინო, მანე (ორიჯი 46)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლი: 1:0 საულ ნიგეზი (4)
გაფრთხილება: კორეა (45) - მანე (40), გომესი (59)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 5 (0) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 5:1
მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)
სანამ „ატლეტიკო“ დასაწყისშივე მოპოვებულ უპირატესობა კბილებით იცავდა, პარალელურად „დორტმუნდი“ და „პარი სენ ჟერმენი“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ არკვევდნენ ურთიერთობას.
ორი ლაღი და შემტევი გუნდისგან თვალსასეირო ფეხბურთი იყო მოსალოდნელი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ისეთი რამ ვნახეთ, რაც აქამდე არ გვინახავს. თუმცა, არც ურიგო თამაში ყოფილა, რომელსაც 19 წლის გმირი ჰყავდა.
ცხადია - ერლინგ ჰოლანდი! არ ვიცით, რა ეპითეტი შეეფერება ნორვეგილე ვუნდერკინდს, მაგრამ ფაქტია თანამედროვე ფეხბურთს ახალი ვარსკვლავი ჰყავს. არანაირი ამომავალი, უკვე ვარსკვლავი. რა თქმა უნდა, ჰოლანდი კიდევ მოუმატებს და დაიხვეწება, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან საშიში ფეხბურთელია.
სადებიუტო მატჩში გოლი ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე - ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდის“ ისტორიაში პირველია, ვინც ეს გააკეთა. საერთოდ, გერმანულ გუნდში ჩატარებულ 7 მატჩში 11(!) გოლი მიითვალა - ეს სიგიჟეა...
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „დორტმუნდმა“ ხელთ იგდო სათამაშო უპირატესობა და 69-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. მასპინძლებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, პსჟ-ს დაცვა ჩავარდა და ჰოლანდმა ორიოდ მეტრიდან კეილორ ნავასს ადვილად აჯობა. საერთოდ, სამი გოლი გავიდა და ძალიან მოკლე, 8-წუთიან მონაკვეთში.
პარიზელებმა მალევე გაათანაბრეს. ჰოლანდის სასწაულების შემხედვარე კილიან მბაპეც შეუჩერებლი გახდა და ფრანგის გარღვევა ნეიმარის ცარიელ კარში გატანილი გოლით დასრულდა. მაგრამ, რად გინდა, ორი წუთი იყო ეს ანგარიში ტაბლოზე და მერე ისევ ჰოლანდმა მოირგო გმირის მანტია. 17 წლის ჯოვანი რეინას პასით 19 წლის ჰოლანდმა საჯარიმოს მისადგომებიდან ნავასის კარის ბადე ლამის გახვრიტა - კოსტა რიკელს შანსი არ ჰქონია.
ნორვეგიელს 10 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში და პირველი თინეიჯერია, რომელმაც ეს შეძლო. მეხუთე მოთამაშეა ისტორიაში, რომელმაც სადებიუტ სეზონში ლიგაზე 10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკის დაეწია. მოკლედ, ჰოლანდს ბევრი რეკორდები დაუგროვდა, ისეთი ალბათ დიდხანს რომ ვერავინ წაეთამაშება.
2:1 და წყვილში ყველაფერი ღიაა, ყველაფერს „პარკ დე პრენსზე“ უნდა გაირკვეს, ისევე, როგორც „ენფილდ როუდზე“ მაგრამ პირველი რაუნდის შემდეგ ფაქტი უტყურია - ფავორიტები დამარცხდნენ.
„დორტმუნდი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 2:1 (0:0) VIDEO
დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“
მაყურებელი: 66 099
„დორტმუნდი“ (3-4-3): ბიურკი; პიშჩეკი, ჰუმელსი, ზაგადუ; ჰაკიმი, ემრე ჯანი, ვიტსელი, გერეირო; სანჩო (შმელცერი 90), ჰოლანდი, ტ. აზარი (რეინა 67)
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; მუნიე, კიმპემბე, ტიაგო სილვა, კურზავა; ვერატი, მარკინიოსი, გეიე; დი მარია (სარაბია 77), მბაპე, ნეიმარი
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლები: 1:0 ჰოლანდი (69), 1:1 ნეიმარი (75), 2:1 ჰოლანდი (77)
გაფრთხილება: ვიტსელი (44) - გეიე (54), ნეიმარი (59), მუნიე (87), ვერატი (89)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 7 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: ანტონიო ლაოზი (ესპანეთი)