მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ მოსკოვში დაწყებულ ალეკსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირის ნახევარფინალში ლიტვური ლიეტუვოს რიტასი 87:70 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ათენის “პანათინაიკოსს” გაეჯიბრება.
საინტერესოა, რომ მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ანგარიში საყაიმო (66:66) იყო, თუმცა, დარჩენილ დროში რუსულმა კლუბმა 21:4 (!) იმარჯვა და სოლიდური უპირატესობა დააფიქსირა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 23:13 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
თამაშის შემდეგ, მანუჩარმა სინანული გამოთქვა, რომ ბევრი “ღია” ტყორცნა გააცუდა. ქართველისვე განცხადებით, იგი ცოტა ღელავდა კიდეც, რადგანაც ცსკა-ს საშინაო სარბიელზე პირველ თამაშს ატარებდა, სამომავლოდ კი, გუნდის ქომაგებს უკეთ გარჯას დაპორდა.
მარკოიშვილის აღნიშნულის შანსი დღეს მიეცემა, როდესაც ცსკა მთავარი ჯილდოსთვის ბერძნულ გრანდ პანათინაიკოსს გაეჯიბრება. ათენელებმა მე-2 ნახევარფინალში რუსული “ნიჟნი ნოვგოროდი” 63:55 დაამარცხეს.