„საბურთალოს“ ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე, რომელიც ჩვენივე აკადემიის აღზრდილია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამპლუით ფორვარდს დედაქალაქურ კლუბში 121 ოფიციალური თამაში დაუგროვდა, მეტოქეთა კარის აღება კი 26-ჯერ შეძლო. გიორგის, რომელიც გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება, რამდენიმე კითხვით გავესაუბრეთ.
– გიორგი, როგორ ემზადება გუნდი ესპანურ შეკრებაზე?
– ჩვეულებრივად ვემზადებით. აქ შეკრება იმით განსხვავდება განვლილი შეკრებებისგან, რომ კარგი და ძლიერი სპარინგ-მეტოქეები გვყავს. სწორედ, ასეთი დონის მოწინააღმდეგეებთან გამოჩნდება ჩვენი სუსტი მხარეები. ამავდროულად, „ზენიტსა“ და მსგავსი დონის გუნდებს რომ ვეთამაშებით, უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ.
– „ზენიტთან“ თამაში ახსენეთ. რა დაგანახათ აღნიშნულმა საკონტროლო მატჩმა?
– ფაქტობრივად ყველა კომპონენტში ჩვენზე ბევრად წინ არიან. ფიზიკურადაც ძლიერები იყვნენ, ბევრს მოძრაობდნენ და ძალიან სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში. „ზენიტი“ მაღალი დონის კლუბია, ყოველწლიურად ევროპაში თამაშობს და დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მიუხედავად მარცხისა, ჩვენთვის ეს შეხვედრა სასარგებლო იყო.
– „ზენიტთან“ შეხვედრაში ფეხბურთელებს შორის მცირე წაკინკლავება მოხდა. რამ გამოიწვია?
– არაფერი ისეთი, ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება. მცირე ინციდენტი იქვე აღმოიფხვრა. რუსული გუნდები აგრესიული თამაშით გამოირჩევიან. პატარა გაუგებრობა ერთ-ერთ უხეშობას მოჰყვა.
– მალე სუპერთასის შეხვედრა გელით. როგორია „დინამოსთან“ მატჩის მოლოდინი?
– ოფიციალურ შეხვედრამდე ორი კვირა დარჩა, ვემზადებით ჩვეულებრივად. სუპერთასის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემპიონობისა და თასის შემდეგ, საქართველოში მესამე ტიტულიც მოვიგო.
– ერთ-ერთ სპორტულ ვებ-გვერდზე დაიწერა, რომ შესაძლოა ახალ სეზონში 10 ნომრიანი მაისურით არ ითამაშოთ. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
– „საბურთალოში“ ისევ იმ ნომრით ვითამაშებ, რა ნომრითაც ვთამაშობდი.
– გია ცეცაძესთან ახალგაზრდულ ნაკრებშიც გიმუშავიათ, თუმცა ნაკრები და კლუბი ერთმანეთისგან განსხვავდება. ვარჯიშები დაახლოებით იგივეა, თუ არის სხვაობა?
– საწვრთნელი პროცესი თითქმის იგივეა, რაც ნაკრებში იყო. აქცენტი სწრაფ, შემტევ ფეხბურთზე კეთდება.
– გასული სეზონისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, წლეულს გუნდი განსხვავებული შემადგენლობით წარდგება გულშემატკივრის წინაშე. ახალწვეულები რამდენად შეეწყვნენ „საბურთალოს“?
– დიახ, ერთბაშად რამდენიმე ახალწვეული გვყავს, როგორც ქართველი, ასევე ლეგიონერი ფეხბურთელები. ზოგადად, ფეხბურთელს ახალ კლუბში გარკვეული ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ მათ უკვე გაიარეს ეს პროცესი.
– ბოლო დროს ხშირია საუბრები თქვენს უცხოურ კარიერასთან დაკავშირებით. რაიმე სიახლე ხომ არაა?
– ჯერჯერობით არაფერი, თუმცა მოლოდინის რეჟიმში ვარ. ვიცი, რომ რამდენიმე ქვეყნიდან არის ინტერესი. მინდა, კარიერა ევროპაში გავაგრძელო, რათა განვითარდე და პროგრესი განვაგრძო.
fcsaburtalo.ge