ჭიდაობა

22:56 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დელეგაციას პირველი ფინალსიტი ჰყავს. 130 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად ასპარეზობს ლევან არაბული, რომელმაც ფინალს უწია.

ნახევარფინალში არაბულმა ფინელი არვი მარტინ სავოლაინენი ძალიან ადვილად აშკარა უპირატესობით დაამარცხა და ხვალ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ლევანი ფინალში რუმინელ ალინ ალექსის ციურარიუს დაჭიდება. ქართველმა მოჭიდავემ რომში თავდაპირველად იტალიელი ელ მაჰდი როკარო 9:0 გაანადგურა, ხოლო შემდეგ ამავე ანგარიშით გერმანელი იელო კრამერი დაამარცხა.

ხვალვე, ბრინჯაოს მედლისთვის მოუწევს ბრძოლა ნუგზარ წურწუმიას (55 კგ), რომელიც ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ რუს ვიტალი კაბალოევთან 2:5 დამარცხდა. იქამდე ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა პირველ წრეში ავსტრიის სახელით მოასპარეზე სარგის გევორგიზიანი აშკარა უპირატესობით 8:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში იგივე ანგარიშით მოლდოველ არტიუმ დელანუს სძლია.

დღეს 63 კგ წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძემ სომეხ საჰაკ ჰოვანესიანს 8:0 აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში ნორვეგიელ სტიგ-ანდრე ბერგთან 2:7 დამარცხდა. ნახევარფინალში ნორვეგიელი თავად დამარცხდა და ჩვენებურს მედლისთვის ბრძოლის შანსი აღარ აქვს.

77 კგ წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველივე შეხვედრა წააგო დემურ ქავთარაძემ, რომელიც რუს ისლამ ოპიევს (1:3) ვერ გაუმკლავდა, რომელიც თავის მხრივ მეოთხედფინალში დამარცხდა და ჩვენებურმაც მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

87 კგ წონით კატეგორიაში საწყის ეტაპზე თორნიკე ძამაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი, სომეხი მაქსიმ მანუკიანი 3:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს ალექსანდრ კომაროვთან 2:6 წააგო, თავის მხრივ შემდეგ რუსი ფალავნიც დამარცხდა და ძამაშვილმა რომში გამოსვლა ამით დაასრულა.

ასე, რომ ხვალ მარადიულ ქალაქში ქართველ მოჭიდავეებს ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნებათ. გარდა ამისა, ჩვენი ფალავნები სხვა წონით კატეგორიებშიც ჩაერთვებიან ასპარეზობაში.

0.135761