პოლონეთის ექსტრაკლასას XXI ტურში ვაკო გვილიამ თავი საგოლე პასით გამოიჩინა. ჩვენებურის „ლეგიამ“ „ლოძს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 მოიგო.
ანგარიში სტუმრებმა 53-ე წუთზე გახსნეს და დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ვარშაველებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს. გამარჯვებაში თავისი წვლილი გვილიამაც შეიტანა. ჩვენებური არ იყო ძირითად შემადგენლობაში, 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ზუსტად ორ წუთში კი, მაცეი როსოლეკმა მისი გამოზომილი და მახვილგონივრული პასით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
ვაკოს მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში 21 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი, ხოლო „ლეგია“ 41 ქულით ლიდერია.