თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის დებიუტი შედგა. მეოცე ტურში ჩვენებურის „ანკარაგიუჯიუმ“ უშუალო კონკურენტ „ქასიმპაშას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს (1:1).
საბა ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთამდე ითამაშა. ქართველს არ გაუმართლა, ახლოს გახლდათ თურქული დებიუტი გოლით აღენიშნა, მაგრამ ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა.
ჯერ პირველ ტაიმში, როცა მის მიერვე წამოწყებულ შეტევას აგვირგვინებდა და შემდეგ მეორე ტაიმში, როდესაც გრძელი გადაცემა დაამუშავა. სამწუხაროდ, ორჯერვე ძელის წინაღობა ვერ დაძლია.
რაც შეეხება შეხვედრას, სტუმრებმა პირველი ტაიმი ტიამის გოლით მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ გერსონ როდრიგესმა პენალტით გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ანკარაგიუჯიუს“ 20 ტურში 14 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.