ჩოგბურთი

17:42 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაფას კარიერული ანტირეკორდი

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას მეოთხედფინალში გამოეთიშა. მსოფლიოს პირველმა ნომერმა, რომელიც შარშან მელბურნში ფინალისტი იყო, დომინიკ ტიმთან მარცხი განიცადა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ავსტრიელმა ესპანელი ლეგენდა ოთხ სეტში, 7:6, 7:6, 4:6, 7:6 დაამარცხა. ნადალი პირველ სეტში 5:3 დაწინაურდა და სეტისთვის თავად აწვდიდა, თუმცა ჩინებული უპირატესობა ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, ტაიბრეიკზე წააგო. საინტერესოა, რომ ნადალმა სამი სეტი ტაიბრეიკზე წააგო და ასეთი რამ კარიერაში პირველად დაემართა - აქამდე, ერთ მატჩში სამი ტაიბრეიკი არასდროს წაეგო.

ტიმი კი, პირველად ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში, ხოლო დიდი მუზარადის ტურნირებზე ეს მისი მეხუთე ნახევარფინალი იქნება როლან გაროსზე ოთხეულში ოთხჯერ მოხვედრის შემდეგ. დომინიკი ტომას მუსტერის შემდეგ მეორე ავსტრიელი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლა შეძლო.

რაც შეეხება რაფას, ახლა რეიტინგის ლიდერობის დაკარგვის რისკის ქვეშ დადგა და გარდა ამისა, კარიერაში მეოცე დიდი სლემის ტურნირის მოგების შანსი სამომავლოდ გადადო, რაც როჯერ ფედერერთან გათანაბრების შესაძლებლობას მისცემდა. აქვე გეტყვით, რომ ესპანელს ავსტრალიის ღია პირველობა ერთხელ, 2009 წელს აქვს მოგებული. სხვათა შორის, ნადალი პირველად ვერ გავიდა დიდი სლემის ნახევარფინალში ბოლო რვა ტურნირის განმავლობაში

ამრიგად, მელბურნში ოთხეული შეივსო. ხვალ როჯერ ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩს, ხოლო 31 იანვარს, დომინიკ ტიმი ალექსანდრ ზვერევს გაეჯიბრება.

0.171402