კალათბურთი

2:28 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ბასკონიამ" რუსული ჯადო მოიშორა

ევროლიგაში მიჯრით სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და რუსული წყევლმაც მოიშორა “ბასკონიამ“. საქმე ისაა, რომ ვიტორიელებს ბოლო ორი მარცხი სწორედ რუსეთის წარმომადგენლებთან, „ზენიტთან“ და ცსკა-სთან ჰქონდათ განცდილი.

ესპანელები ამჯერადაც რუსებს დაუპირისპირდნენ, ოღონდ „ხიმკის“ და უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება იზეიმეს. „ბასკონიამ“ პირველი ტაიმი სამი ქულით მოიგო, მაგრამ მესამე პერიოდი 5 ქულით დათმო და დასკვნითი მეოთხედის წინ ჩამორჩა. თუმცა, გადამწყვეტი ათწუთეული ყველაზე უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ, 83:79 იმარჯვა.

ესპანელთა ეს გამარჯვება დიდწილად შევონ შილდსის დამსახურებაა, რომელსაც ჩინებული თამაში ჰქონდა, 22 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, მატჩის MVP-იც დამსახურებულად გახდა.

ამჯერზე ჩრდილში აღმოჩნდა თორნიკე შენგელია, რომელმაც 25:24 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა საკუთარ გუნდს. ჩვენებურმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთხელ სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.

დიდად ვერაფრით გამოიჩინა თავი მეტ ჯენინგმაც. ამერიკელმა 22:45 წუთში ოდენ 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, მარგი ქმედების 2 კოეფიციენტით.

„ბასკონიას“ 8 გამარჯვების წილ 13 მარცხი აქვს და მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 30 იანვარს, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.

0.129368