მატიას დე ლიხტი კრიტიკას არ უსმენს, მაგრამ ფიქრობს, რომ დამსახურებული კრიტიკა იყო. ჰოლანდიელის განცხადებით, „იუვენტუსის“ ქომაგების ადგილზე, მისი შეცდომების გამო თვითონაც გაბრაზდებოდა.
„კრიტიკა? ეს ნორმალურია, ყველაფერი ნორმალურია. მე, რომ „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ვიყო, მეც გავბრაზდებოდი ამ შეცდომებზე, რომელიც დავუშვი. მაგრამ, როგორც ფეხბურთელი, ეს შეცდომები არ მაინტერესებს. უბრალოდ ვფიქრობ მუშაობაზე, საკუთარი თავის დახვეწაზე და მომატებაზე. კმაყოფილი ვარ „იუვენტუსში“ გატარებული ექვსი თვით და თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ.
კიელინი რჩევებს მაძლევს. მირჩია, რომ გონებით მეთამაშა, რადგან ზოგჯერ იმპულსურად ვთამაშობდი. ბონუჩისგანაც ბევრს ვსწავლობ და ეს ჩემთვის დიდი პატივია. საერთოდ, საოცარი თანაგუნდელები მყავს და ვიცი, რომ ყველა მზადაა დამეხმაროს.
კრიშტიანუ? მას კარგად ვიცნობთ, წარმოუდგენელი ფეხბურთელია. რამდენიმე თვის წინ აკრიტიკებდნენ, მაგრამ ყველა გააჩუმა. ბედნიერი ვარ მის გამო“, - თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და „ბებერი სინიორას“ რიგებში დღემდე ჩატარებულ 20 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. ჰოლანდიელს ადაპტაცია იტალიურ გრანდში საკმაოდ გაუჭირდა, თუმცა, ბოლო სამი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და იტალიური მედიისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.