ფეხბურთი

1:15 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიკე სეტიენი: "გუშინ სოფელში ძროხებს ვუვლიდი, დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ვავარჯიშებ"

კატალონიის „ბარსელონამ“ კიკე სეტიენი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა და 61 წლის სპეციალისტმა ახალი კლუბის თავკაცის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა. სეტიენის განცხადებით, ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.

„მადლობა კლუბს. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიქნებოდი. გუშინ ჩემს სოფელში ძროხებს ვუვლიდი, დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ვავარჯიშებ.

ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება. „ბარსელონას“ სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ყოველწლიურად მოუმატოს.

ყოველჯერზე, როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის გუნდში, ეს ახალ სტიმულს იძლევა. არ ვიცი, ჩემი საუკეთესო გზა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. მატჩები ლამაზი ფეხბურთით უნდა მოვიგოთ, ეს ჩემი ფილოსოფიაა. ახლა მთავარია, რომ დეტალებს დავუთმოთ დრო.

ამ კლუბს საოცარი აკადემია აქვს. პირველი გუნდის ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები მოდიან და თუ დაიმსახურებენ, შანსს მიიღებენ. მე განსაკუთრებული ძალისხმევით ვაპირებ ამ ბავშვებზე ზრუნვას.

ერთხელ გვარდიოლას მიწვევით მქონდა შესაძლებლობა მესისთვის ვარჯიშზე მეყურებინა. მასთან მივედი და ვთხოვე, რომ 60 წლამდე ეთამაშა ან სიკვდილამდე“, - განაცხადა სეტიენმა.

შეგახსენებთ, კიკე სეტიენმა ერნესტო ვალვერდე ჩაანაცვლა და „ბარსელონას“ ვებგვერდის ცნობით, კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

0.100412