ფეხბურთი

14:38 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ამაყი თემურ ქეცბაია!

თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ ჩინებულად მუშაობს და მისი გუნდი კვიპროსში ლიდერია. „ომონიას“ 4 ქულით უსწრებს და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო კიდევ ერთ მთავარ ძალას, „აპოელს“ უკვე 9 ქულით გაასწრო, მაგრამ ამ შემთხვევაში ფამაგუსტელებს აქვთ ერთი თამაშით მეტი ჩატარებული.

გუშინ, „ანორთოსისმა“ სწორედ „აპოელი“ დაამარცხა და ნამატჩევს თემურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, ამაყობს თავისი ფეხბურთელებით და მათ დამსახურებული გამარჯვება მიულოცა.

„დიახ, გეთანხმებით, მაღალი ხარისხის თამაშ არ ყოფილა და ბევრი საგოლე შანსიც არ გვქონია ორივე გუნდს. მთავარი ორივესთვის შედეგი და ერთი გოლის გატანა იყო. ნათელი იყო, რომ ვინც გაიტანდა, მოიგებდა. ჩვენ გაგვიმართლა და მოვახერხეთ ამის გაკეთება. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მათი ვნებით თამაშისადმი. „აპოელიც“ კარგი გუნდია და არ მოგვცა თამაშის შესაძლებლობა. გვქონდა პრობლემები, მაგრამ გატანა შევძელით.

რა თქმა უნდა, ხალხი უფრო მაღალი დონის თამაშს ელოდა, რადგან ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდი თამაშობდა, მაგრამ მთავარი ქულებია. ჩვენ გავზარდეთ უპირატესობა ორივე კონკურენტთან. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ სტადიონზე, მათი მხარდაჭერა გვჭირდებოდა გამარჯვებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ფეხბურთელებს, რადგან მათ ეს დაიმსახურეს, ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. რაიოს ტრავმა? იმედი მაქვს სერიოზული არაფერია, ის ფანტასტიკურ ფორმაშია და 14 გოლი გაიტანა. მისი ტრავმის გვეშინია“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, "ანორთოსისის" ღირსებას ოთხი ჩვენებური, მურთაზ დაუშვილი, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

0.112256