ფეხბურთი

2:39 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გეფიცებით... უფრო ძლიერი ვიქნები, ვიდრე ვიყავი" - ნიკოლო ძანიოლომ უმძიმესი ტრავმა მიიღო (+VIDEO)

იტალიური „რომას“ ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ „იუვენტუსთან“ შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო. ნიჭიერი ფეხბურთელი 35-ე წუთზე მატიას დე ლიხტთან შეჯახების შემდეგ დაშავდა და მოედანი მხოლოდ საკაცით, აცრემლებულმა დატოვა.

„ჯალოროსის“ ვებგვერდმა კი, დაზიანების სიმძიმე დაადასტურა. ნიკოლოს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და ორშაბათს ოპერაცია ჩაუტარდება. აღსანიშნავია, რომ იტალიელმა გამოკვლევის შემდეგ სავადმყოფო საკუთარი ფეხით ყავარჯნების გარეშე დატოვა.

მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი გამოჯანმრთელების თარიღი, მაგრამ იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულდა. უფრო მეტიც, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ევრო 2020-ზე თამაში შეძლოს.

„გეფიცებით... უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე აქამდე ვიყავი“, - დაწერა თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.

20 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 24 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი. იტალიის ნაკრების მაისურით კი, აქამდე 5-ჯერ ითამაშა და თავი ორჯერ გამოიჩინა.

0.126866