ბერლინში მიმდინარე ლეგენდების ტურნირზე „დინამო თბილისმა“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი წარმატებით ჩაატარა და ნახევარფინალში გავიდა.
თბილისური გუნდი გელზენკირხენის „შალკეს“ დაუპირისპირდა და 6:3 დაამარცხა. დუბლის შესრულება ალექსანდრე იაშვილმა და კახა კალაძემ მოახერხეს, ხოლო თითო გოლი დავით კვირკველიასა და ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, გუშინ „დინამომ“ „ლევერკუზენს“ 4:2 აჯობა, „დორტმუნდთან“ 2:3 წააგო და შედეგად, 6 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ნახევარფინალში ქართული გუნდის მეტოქე ბრემენის „ვერდერი“ იქნება, მეორე წყვილი კი ბერლინის „ჰერტამ“ და დორტმუნდის „ბორუსიამ“ დააკომპლექტეს.