ესპანეთის ლიგა ენდესაში „იბეროსტარ ტენერიფე“, რომლის ღირსებას გიორგი შერმადინი იცავს, „სარაგოსას“ ესტუმრა და 111:99 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 13-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ „ტენერიფემ“ შესვენების შემდეგ გამარჯვება მაინც მოიპოვა.
შერმადინი მთელი სეზონია თავისი გუნდის უპირობო ლიდერია, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ორმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა: 26:36 წუთი, 16 ქულა და 8 მოხსნა. გიორგის მონაგარი უდაოდ გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ორქულიანების მეტისმეტად დაბალპროცენტული მაჩვენებელი - 42% (12-დან 5). გარდა ამისა, 6-დან 6 საჯარიმოც ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.
საუკეთესო სანტი იუსტა იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, ხოლო მარსელო უერტასმა თანაგუნდელების მონაგარს 22 ქულა წაამატა.
„იბეროსტარ ტენერიფეს“ 11 მოგების საპირწონედ 6 წაგება აქვს და მესამე პოზიციაზე, მომდევნო ტურში კი, 18 იანვარს, „ესტუდიანტესს“ უმასპინძლებს.