ფეხბურთი

15:33 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კეინს პიონტეკი შეცვლის

ლონდონის „ტოტენჰემი“ კშიშტოფ პიონტეკის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. The Sun-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწიეს და ტრანსფერის დადასტურება მომდევნო 48 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი.

გარიგების თანახმად, პოლონელის სანაცვლოდ „მილანი“ 28 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 5 მილიონიც დაემატება. თავად ფეხბურთელი კი, „დეზებთან“ 3.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ტოტენჰემს“ ჰარი კეინი დიდი ხნით გამოაკლდა და ამიტომაც, ჟოზე მოურინიოს გუნდი ფორვარდის შეძენის აუცილებლობის წინაშე დადგა.

24 წლის პიონტეკი „მილანს“ ზუსტად ერთი წლის წინ შეუერთდა და გასული სეზონის მეორე ნახევარში 21 თამაშში 11 გოლი გაიტანა. თუმცა, მიმდინარე სეზონში 18 მატჩში თავი მხოლოდ 4-ჯერ გამოიჩინა და გულშემატკივართა კრიტიკაც არაერთხელ დაიმსახურა.

პოლონელ ფეხბურთელს მანამდე სამშობლოში „ზაგლებიესა“ და „კრაკოვიას“ ღირსება დაუცავს, ხოლო სახელი „ჯენოაში“ გაითქვა, სადაც მხოლოდ 6 თვე ითამაშა, მაგრამ 21 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოასწრო.

0.103561