კალათბურთი

2:10 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას სუპერთამაში ევროლიგაში: თორნიკემ "ფენერბახჩესთან" გაიბრწყინა

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში ფანტასტიკური თამაში ჩაატარა, მაგრამ ამის მიუხედავად „ბასკონიამ“ კიდევ ერთი მარცხი განიცადა. მე-18 ტურში ვიტორიელებმა სტამბოლის „ფენერბახჩეს“ უმასპინძლეს და ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს - 65:79.

„ფენერი“ ესპანეთში მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა და გამარჯვება უპირველესად გუნდურობის ხარჯზე მოახერხა. „ბასკონიას“ რიგებში კი შენგელია შეუჩერებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ მის გვერდით არ აღმოჩნდა მოთამაშე (უკვე მერამდენედ), რომელიც მხარს სათანადადო აუბამდა.

თორნიკემ პრაქტიკულად შეუცვლელად ითამაშა, 37:09 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

როგორც ხედავთ, „თოკომოტივმა“ თითქმის უშეცდომოდ ითამაშა შეტევაში და მხოლოდ ორი სროლა გააცუდა (13-დან). შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37(!) აღმოჩნდა. ორივე გუნდის რიგებში სარგებლიანობის მაჩვენებლით შენგელიას უბრალოდ ბადალი არ ჰყოლია (მეორე შედეგი ამ კუთხით 24 იყო, რომელიც დერეკ უილიამსმა დააფიქსირა), ხოლო 21 ქულით მატჩის თანაბომბარდირი გახდა ლეო ვესტერმანთან ერთად.

მოკლედ, შენგელიამ მორიგი სუპერთამაში ჩაატარა და მის გარჯას სულაც არ აკნინებს „ბასკონიას“ უფერული თამაში. ესპანური გუნდი რთულ ვითარებაშია, 18 მატჩში 7 მოგებითა და 11 წაგებით მხოლოდ მე-13 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 15 იანვარს, „ზენიტს“ ესტუმრება.

0.13612