სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:12 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აზრი არ აქვს მის შენარჩუნებას" - უკრაინულმა გამოცემამ "შახტარს" ხოჭოლავას გაყიდვა ურჩია

გავლენიანი უკრაინული ვებგვერდი Football.ua დავით ხოჭოლავას „შახტარის“ დატოვებას, ხოლო „შახტარს“ ხოჭოლავას გაყიდვას ურჩევს. გამოცემა ხუთი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებმაც დონეცკური გუნდი იანვარში უნდა დატოვონ, რადგან მათ შენარჩუნებას უბრალოდ აზრი არ აქვს. ერთ-ერთი მათგანი 26 წლის ხოჭოლავაა.

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა „შახტარში“ თავი მნიშვნელოვან მატჩებში ავტოგოლებით უფრო გამოიჩინა. რა თქმა უნდა, შეიძლება ხოჭოლავას გამოყენება ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩებისთვის, როგორც როტაციის შემსრულებელი და ასეთია მისი ბედი გუნდში ლუიშ კაშტრუს მისვლის შემდეგ. მაგრამ მოდით სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედოთ.

„შახტარისთვის“ ჩემპიონობის დაკარგვა ძნელი იქნება, შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა თამამად შეიძლება. მაგალითად, 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონთა კაპიტნის, ბონდარისა და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების წევრ ვიტაოსთვის. დიახ, ესენი არიან მოთამაშეები, რომლებიც თავის შანსს ელოდებიან. აზრი არ აქვს იმ ფეხბურთელის შენარჩუნებას, რომელიც მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწევს. როგორც ამბობენ, გზა ახალგაზრდებს“, - წერს უკრაინული ვებგვერდი.

ხოჭოლავას გარდა, Football.ua მიიჩნევს, რომ მიმდინარე თვეში გუნდი ბოგდან ბუტკომ, ტაისონმა, მარკინოს სიპრიანომ და დენტინიომ უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, ხოჭოლავა „შახტარს“ 2017 წლის ზაფხულში „ჩერნომორეციდან“ შეუერთდა. მას შემდეგ დავითმა დონბასელთა ღირსება ყველა ტურნირის ჩათვლით 62 შეხვედრაში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა.

ქართველს ყველაზე წარმატებული გასული სეზონი ჰქონდა, როდესაც მოედანზე 32-ჯერ გავიდა და 2 გოლი გაიტანა. 2017-2018 წლების სეზონში ჩვენებურმა 22 თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა. ეს ყველაფერი პაულუ ფონსეკას მწვრთნელობისას, ხოლო ლუიშ კაშტრუ, რომელიც გუნდში გასულ ზაფხულს მივიდა, იშვიათად სწყალობს და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8-ჯერ მისცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა.

ზემოხსენებული 62 შეხვედრიდან ხოჭოლავამ 7 ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა, ორი ევროპა ლიგაზე, 45 უკრაინის ჩემპიონატში, ხოლო დანარჩენი უკრაინის თასსა და სუპერთასზე. აქვე გეტყვით, რომ ამავე პერიოდში ორ-ორჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი და თასი, ერთხელ კი უკრაინის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117619