კალათბურთი

14:34 | 31.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის თვის MVP გახდა (+VIDEO)

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ჩვენებური ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

დეკემბერში ესპანეთში 5 ტური ჩატარდა და ორჯერ ტურის MVP გიორგი გახდა, შესაბამისად, თვის საუკეთესოობაც მოსალოდნელი იყო. დეკემბერში ჩვენებურის საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24.6 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ბადალი არ ჰყოლია.

შერმადინი ესპანეთში თვის MVP-ის ტიტულის მფლობელი მეხუთედ გახდა, 2016-2017 წლების სეზონში სამჯერ აღიარეს (იანვარში, მარტსა და მაისში) „მორაბანკ ანდორას“ თამაშის დროს და 2019 წლის თებერვალში, როცა მალაგას „უნიკახას“ ღირსებას იცავდა.

საინტერესოა, რომ დეკემბრის თვის პირველ მატჩში გიორგიმ მხოლოდ 8 ქულა დააგროვა, რაც მიმდინარე სეზონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ შემდეგ „მურსიასთან“ ბრწყინვალედ ითამაშა, 25 ქულა ჩააგდო და ტურის MVP გახდა. ამას მოჰყვა „მორაბანკ ანდორასთან“ 15 წუთში 12 ქულა და შემდეგ იყო ესპანურ კარიერაში საუკეთესო მატჩი „გრან კანარიას“ წინააღმდეგ: 32 ქულა და მარგი ქმედების 42 კოეფიციენტი, რაც შერმადინის სარეკორდო მაჩვენებლები გახლავთ ესპანეთში გარჯის პერიოდში. თვის და წლის ბოლო შეხვედრაში გიორგიმ „ვალენსიასთან“ 17 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

საერთო ჯამში ქართველი ცენტრი დეკემბერში საშუალოდ 18.8 ქულას (70.8%), 6.2 მოხსნას, 1.2 პასს და 0.8 ჩაჭრას აგროვებდა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა საშუალოდ 24.6 შეადგინა.

„მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. მინდა თანაგუნდელებს და ყველას, ვინც დამეხმარა დეკემბრის MVP-ის ტიტულის მოგებაში, მადლობა გადავუხადო. 2020 წლის მიზანია, რომ მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი თამაში“, - თქვა შერმადინმა ლიგა ენდესას ვებგვერდთან საუბრისას.

0.126112