რომის „ლაციომ“ 2019 წელი ფანტასტიკურ განწყობაზე დაასრულა. სერია A-ში ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და სკუდეტოსთვის იბრძვის, ხოლო ყველაფრის გვირგვინი „იუვენტუსთან“ გამარჯვება და იტალიის სუპერთასის მოგება გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა (24 თამაშში) და ორჯერვე „ლაციოსთან“ ერთნაირი ანგარიშით, 1:3 წააგო. „არწივების“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ განაცხადა, რომ ეს წარმოუდგენელი შედეგია.
„ჩვენ რაღაც ჯადოსნური გავაკეთეთ, ორ კვირაში „იუვენტუსის“ ორჯერ დამარცხება წარმოუდგენელია. დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ეს ძლიერი გუნდია, რომელსაც ყოველთვის წამდა საკუთარი თავის და ამ ყველაფერს იმსახურებენ.
სკუდეტო? სკუდეტოზე ოცნების მიღმა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ასეთი სასიხარული საღამოები ბევრი გვქონდეს“, - განაცხადა ინძაგიმ.
„ლაციომ“ ისტორიაში მეხუთედ მოიგო იტალიის სუპერთასი. სერია A-ში კი მესამე ადგილზეა და ლიდერთა დუეტს 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.