ფეხბურთი

2:19 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამა სერია A-ში: "ლაციოს" ზღაპრული სერია ზღაპარში გაგრძელდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მე-16 ტური საოცარი მატჩით დასრულდა. ზოგადად, მიმდინარე სეზონში კალჩოში ისეთი ამბებია, არაფერია გასაოცარი და გასაკვირი, მაგრამ მაინც... ისიც ნათელი იყო, „კალიარისა“ და „ლაციოს“ დუელი რაღაც განსაკუთრებულს გვიმზადებდა.

სარდინიელებს ზედიზედ 13 მატჩი არ წაეგოთ (8 მოგება 5 ფრე), ხოლო „ლაციოს“ მიჯრით 7 თამაში ჰქონდა მოგებული. როლანდო მარანის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ოთხეულში დაბრუნდებოდა, ხოლო სიმონე ინძაგის გუნდს დიდებული შანსი ჰქონდა ლიდერთა დუეტთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეემცირებინა. მოკლედ, სასწორზე უბრალოდ 3 ქულა არ იდო და ბევრად მეტს ნიშნავდა ორივესთვის სარდინიული 90 წუთი.

შეხვედრა „კალიარისთვის“ შესანიშნავად დაიწყო და უკვე მერვე წუთზე ჯოვანი სიმეონემ ანგარიში გახსნა. კუნძულელები ამ უპირატესობას პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდნენ.

„ლაციო“ ახლოს იყო მარცხთან და „კალიარი“ დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებასთან, რადგან 93-ე წუთამდე სიმეონეს გოლი ერთადერთი იყო. უფრო მეტიც, მასპინძლებს არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, თუმცა, ვერ მოახერხა და ბოლოსკენ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ჯერ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ლუის ალბერტომ გაათანაბრა, ხოლო 98-ე წუთზე, ბოლო შეტევაში ფელიპე კაისედომ ითამაშა მეორე სართულზე შესაშურად და „არწივებს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

სიმონე ინძაგის გუნდმა მიჯრით მერვე გამარჯვება იზეიმა, 36 ქულა დააგროვა და ლიდერთა დუეტს, „ინტერი“-„იუვე“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის, „ლაციოს“ 16 ტურის თავზე 36 ქულა ისტორიაში ერთადერთხელ, 1973-1974 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც საბოლოოდ სკუდეტო მოიგო და ვნახოთ რა სიურპრიზს უმაზდებს მიმდინარე სეზონის ფინიში სიმონე ინძაგის გუნდს.

„კალიარიმ“ კი მეორე ტურის შემდეგ პირველად წააგო და ცხადია, მარცხი მეტად გულდასაწყვეტია, მაგრამ სარდინიელების მიმართ აუგი არავის დაცდება - სეზონი მათთვისაც ჩინებულად მიმდინარეობს.

„კალიარი“ – „ლაციო“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 სიმეონე (8), 1:1 ლუის ალბერტო (90), 1:2 კაისედო (90)

0.112507