ფეხბურთი

16:07 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "დინამოდან" წინადადება მაქვს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „დინამო თბილისიდან“ წინადადების მიღება დაადასტურა. როგორც 41 წლის სპეციალისტმა WORLDSPORT.GE-სთან საუბარში განაცხადა, მიუხედავად შეთავაზებისა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

მოგეხსენებათ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩხეტიანი „დინამოში“ ესპანელი ჩისკოს შემცვლელად განიხილება, რომელმაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უკვე დატოვა. ქართველმა სპეციალისტმა თქვა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ქართულ ფეხბურთს სჭირდება და ბოლო წუთამდე სანამ შესაძლებელი იქნება, მშობლიურ გუნდში დარჩება.

„დიახ, გიდასტურებთ, რომ „დინამოდან“ დამიკავშირდნენ, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ველოდები და ალბათ 4-5 დღეში ყველაფერი გვეცოდინება და გაირკვევა ჩემი მომავალი სად ვიმუშავებ ახალ სეზონში.

მინდა აღვნიშნო, რომ მოვალე ვიყავი და ვალდებულებაც მქონდა „ტორპედოს“, ქუთაისის წინაშე და სანამ ბოლო წუთამდე შანსი იქნება მე ამ გუნდში ვიქნები. აქ არაა მთავარი ის სად ვიმუშავებ მე, მთავარია ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც სჭირდება ქართულ ფეხბურთს და იმედია ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება“, - გვითხრა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, კახა ჩხეტიანმა „ტორპედო“ 2016 წლის სექტემბერში ჩაიბარა. მას შემდეგ იმერულ გუნდს საქართველოს ჩემპიონის ტიტული ერთხელ, ხოლო საქართველოს თასი და სუპერთასი ორჯერ მოაგებინა. ამასთან, 2018 წელს „ტორპედო“ ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის პლეი-ოფში სწორედ მისი ხელმძღვანელობით გავიდა, სადაც რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ დამარცხდა.

0.119965