საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაწინაურება 4-წლიან პერიოდში მოახერხა. ამ ამბავში საგულისხმო ისაა, რომ რევაზ გოცირიძის გუნდი ჯერ კიდევ 2016 წელს რანგით ყველაზე დაბალ დივიზიონში თამაშობდა.
ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა სწრაფი ტემპით უმაღლეს საფეხურამდე მივიდა. „თელავმა“ 2017 წელი ლიგა 3-ში გაატარა, საიდანაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა. აქ პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და შარშან გუნდმა ვერ შეძლო უმაღლეს დივიზიონში გადასვლა, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე შანსი გამოიყენა.
მოგეხსენებათ, „თელავმა“ პლეი-ოფში „რუსთავი“ ორჯერ, ჯერ შინ 1:0 და მერე სტუმრად 2:1 დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური დაისაკუთრა.
ცხადია, ქართულ რეალობაში ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც გუნდი 4 წელიწადში ოთხი საფეხურით დაწინაურდება და ეს ნამდვილადაა სამაგალითო და მისაბაძი შედეგი!