საქართველოში 2019 წლის საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დასრულდა. დასკვნით სათამაშო დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეი-აუტის საპასუხო მატჩები გაიმართა. შედეგად, „სამტრედია“ და „თელავი“ უმაღლეს დივიზიონში აღზევდნენ, ხოლო „სიონი“ და „რუსთავი“ რანგით დაბალ ლიგაში დაქვეითდნენ.
„თელავს“ „რუსთავთან“ დუელში პირველი მატჩი შინ 1:0 ჰქონდა მოგებული და სტუმრად, უკვე მესამე წუთზე აღდგა წონასწორობა. ქავთარაძის გოლით ვარლამ კილასონიას გუნდმა ანგარიში გახსნა საპასუხო დაპირისპირებაში და „რუსთავს“ გადარჩენის იმედი ჩაესახა, მაგრამ მასპინძელთა სიხარული მეტისმეტად ნაადრევი გამოდგა. რევაზ გოცირიძის შეგირდებმა პირველივე ტაიმში ყველაფერს ნათელი მოჰფინეს. ლაცაბიძის ავტოგოლს ძოწენიძის გოლი მოჰყვა - 1:2. ორი მატჩის ჯამში 3:1 „თელავის“ სასარგებლოდ და ცხადი იყო, რომ „რუსთავი“ 3 უპასუხო გოლის გატანას ვერ შეძლებდა. ასეც მოხდა, კახელებმა ჩინებულად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ.
სამაგიეროდ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა „სამტრედია“. ზუსტად სამი წლის წინ, ამ დღეს იმერლებმა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვეს და ახლა სხვა განსხვავებული მიზნისთვის იბრძოდა. ბოლნისში პირველი ჯახი უგოლოდ დასრულდა, ამიტომ ყველაფერი ღია იყო.
კახა კაჭარავას გუნდმა მეტოქე დაჯაბნა და დამსახურებულად დაიბრუნა ადგილი ელიტაში. აზერბაიჯანელი ლეგიონერი ყურბანოვი დუბლით გამოირჩა, იქამდე ვარლმა კილასონიამ და გურამ სამუშიამ გაიტანეს და მატჩის მიწურულს ჯაბა უგულავს პრესტიჟის გოლმა მხოლოდ ანგარიში შეცვალა - 4:1.
შედეგად, 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სრულად დაკომპლექტებულია: „დინამო თბილისი“, „დინამო ბათუმი“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი“, „დილა“, „ჩიხურა“, „ტორპედო“, თბილისის „მერანი“, „სამტრედია“ და „თელავი“.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში კი „შევარდენი“, „გაგრა“, „შუქურა“, „ზუგდიდი“, მარტვილის „მერანი“, „არაგვი“,“სამგურალი“, „სიონი“, „ვიტ ჯორჯია“ და „რუსთავი“ ითამაშებენ.
„რუსთავი“ – „თელავი“ 1:2 (1:2) - ორი მატჩის ჯამში: 1:3
გოლები: 1:0 ქავთარაძე (3, პენ), 1:1 ლაცაბიძე (15, ა.გ), 1:2 ძოწენიძე (32)
„სამტრედია“ – „სიონი“ 4:1 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:1
გოლები: 1:0 კილასონია (32), 2:0 ყურბანოვი (38), 3:0 სამუშია (64), 4:0 ყურბანოვი (71), 4:1 უგულავა (77)