ფეხბურთი

14:48 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "შოკში ვიყავი, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ფანტასტიკური იყო!"
"მთავარია, რომ მუხლზე არაფერი მიგვრძნია"

სინათლე გვირაბის ბოლოს - გიორგი ჩაკვეტაძე ორიოდ დღის წინ მოედანს თითქმის რვა თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. „გენტის“ რიგებში ჩვენებურმა „ვარეგემთან“ ბოლო 15 წუთი ითამაშა და იმის ფონზე, რომ ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, მისი თამაში მართლაც იყო შთამბეჭდავი.

თამაშში აქტიურად ჩაერთო და „გენტს“ მეტი სილაღე შემატა, თანაგუნდელებსაც შეუქმნა მომენტები და თავადაც ჰქონდა საგოლე შანსი. მოკლედ, დაბრუნება თითქმის იდეალური გამოდგა.

გიორგიმ ნამატჩევს ბელგიურ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ მოედანზე დაბრუნება ფანტასტიკური იყო.

„ფანტასტიკური იყო ისევ თამაში, გულშემატკივრებიც ძალიან თბილად დამხვდნენ, ნამდვილად შესანიშნავი გახლდათ მოედანზე დაბრუნება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ბოლო თვეებში მხარს მიჭერდა. მუშაობა უნდა გავაგრძელო, რომ 2020 წელს სრულ მზადყოფნაში შევხვდე.

ეს საღამო ჩემთვის წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გავიტანე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მუხლზე არაფერი მიგვრძნია, მოედანზე შიშის გარეშე ვიდექი. ახლა მხოლოდ უფრო მეტი თამაში მჭირდება, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდე.

ჩემს ტელეფონზე შეტყობინებები არ წყდებოდა, ჩემი თანამემამულეები ყოველდღე მეკითხებოდნენ, როდის დავბრუნდებოდი. შოკში ვიყავი, როდესაც თავდაპირველად განაცხადში ჩემი სახელი ვერ ვიპოვე. ბოლო ვარჯიშამდე კი მწვრთნელი მითხრა, რომ თამაშისთვის მზად ვიყავი“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე ფეხბურთს 21 აპრილის შემდეგ დაუბრუნდა, როდესაც ბრიუსელის „ანდერლხეტთან“ ითამაშა, ხოლო შემდეგ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ნახევარ წელიწადზე მეტი გაუცდა.

0.11004