თბილისის „საბურთალომ“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა აღნიშნულ წარმატებას ისტორიაში პირველად უწია.
ფინალურ შეხვედრას გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონმა უმასპინძლა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა დამსახურებული გამარჯვება იზეიმა. დამსახურებული, რადგან „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ აჯობა და გამარჯვებაც ლოგიკური იყო. საერთოდ, ორივე გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან ევროპა ლიგის საგზური გაიფორმეს და ახლა სეზონის ტიტულით დასრულების ჩინებული შანსი ჰქონდათ.
თუ „საბურთალო“ პირველად უმიზნებდა ქვეყნის თასს, „რკინიგზელებს“ უკვე სამჯერ ჰქონდათ ეს ჯილდო მოგებული, მაგრამ 2005 წლის შემდეგ ფინალში პირველად ირჯებოდნენ.
„საბურთალომ“ თამაში დიდებულად დაიწყო და უკვე მეოცე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, რაც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გადამწყვეტი იყო. მე-12 წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან გიორგი კოხრეიძემ დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ნებისმიერი რანგის მატჩს და ტურნირის რომ დაამშვენებდა! მალევე, 7 წუთში თბილისელთა უპირატესობა გაიზარდა. ელვინ ტერას დროული და გონივრული პასით გიორგი გაბედავა მეკარესთან პირისპირ დარჩა და სხვაობა გაზარდა. უნდა აღინიშნოს „ლოკოს“ მცველთა უყურადღებო თამაშიც.
ლევან კორღალიძის გუნდი თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისში დაბრუნდა, როდესაც პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა. ბურთთან ირაკლი სიხარულიძე მივიდა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა, ეს „რკინიგზელთა“ მაქსიმუმი გამოდგა, რადგან „საბურთალომ“ თავი ძალიან კარგად დაიცვა და თავად უფრო მეტად აქტიურობდა შეტევაში.
ბოლოს კი, ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ყველა კითხვის ნიშანი გააქრეს, რადგან კუთხური კარგად გაითამაშეს და ლევან კაკუბავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
ამრიგად, „საბურთალომ“ ერთი წლის წინ მოპოვებულ საქართველოს ჩემპიონობას კიდევ ერთი ტიტული, ამჯერად საქართველოს თასი შემატა და საფეხბურთო პაუზაზე დიდებულ განწყობაზე გავიდა.
თუმცა, ბოლოსკენ შეგახსენებთ, რომ ჯერ საქართველოში საფეხბურთო წელი არ დასრულებულა, რადგან წინ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-აუტის საპასუხო მატჩებია.
„საუბრთალო“ – „ლოკომოტივი“ 3:1 (2:0)
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
„საბურთალო“ (4-3-1-2): კუპატაძე; მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ტაბატაძე (ცნობილაძე 86); ტერა, კაკუბავა, ალთუნაშვილი; გორგიაშვილი (ყენია 61); გ. კოხრეიძე (ლ. კოხრეიძე 67), გაბედავა
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
„ლოკომოტივი“ (4-2-3-1): ბულისკერია; კომახიძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა; სამურკასოვი, დ. კირკიტაძე (გვალია 78); დარცმელია (ჯიქია 82), შონია, თ. კირკიტაძე (ინჯგია 30); სიხარულიძე
მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
გოლები: 1:0 გ. კოხრეიძე (12), 2:0 გაბედავა (19), 2:1 სიხარულიძე (52, პენ), 3:1 კაკუბავა (89)
გაფრთხილება: ტერა (21), რეხვიაშვილი (51), გ. კოხრეიძე (56), მალი (83) - კომახიძე (41), შონია (75)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი