ლუის ენრიკე ცოტა ხნის წინ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუბრუნდა. გამოცდილი სპეციალისტი თავის დროზე „ფურია როხადან“ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა და მისი ადგილი თანაშემწემ, რობერტო მორენომ დაიკავა, რომელმაც გუნდი ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
შემდგომ კი, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკე დააბრუნა და სწორედ ამას მოჰყვა მცირე სკანდალი ესპანეთში, მორენოს პოსტის დატოვება აღარ სურდა. ლუის ენრიკემ კი, ის სტაფიდან საერთოდ გაათავისუფლა.
„მე შევხვდი რობერტო მორენოს და მითხრა, რომ ნაკრების გაწვრთნა ევროპის ჩემპიონატზე სურდა. ამის შემდეგ კი, მზად იყო ჩემი ასისტენტის პოსტი თავიდან დაეკავებინა. ეს არ გამკვირვებია, მაგრამ ჩემთვის ეს ერთგულება არაა, დიდი ხარვეზია. მესმის მისი პოზიცია, მაგრამ არ ვიზიარებ. პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩემს სამწვრთნელო შტაბში მის ადგილს ვეღარ ვხედავდი. ჩემს სტაფში უსამართლო ადამიანების ადგილი არაა“, - თქვა ლუის ენრიკემ.