ფეხბურთი

2:26 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორი ტიტული 24 საათში: "ფლამენგო" ბრაზილიის ჩემპიონიც გახდა

დიდებული დღეები უდგას ბრაზილიურ „ფლამენგოს“, რომელმაც 24 საათში ორი ტიტული მოიგო. გუშინ ჟორჟე ჟესუსის გუნდმა ლიბერტადორესის თასის ფინალში საოცრად დრამატულ ბრძოლაში „რივერ პლეიტი“ (2:1) დაამარცხა და ესოდენ პრესტიჟული ჯილდო ისტორიაში მეორედ და ბოლო 38 წელიწადში პირველად მოიგო.

ახლა კი, ბრაზილიის ჩემპიონობაც გაიფორმა, ისე, რომ თვითონ თამაში არ ჩაუტარებია. „ფლას“ მთავარმა კონკურენტმა „პალმეირასმა“ საკუთარ მოედანზე „გრემიოსთან“ წააგო და ამ თამაშის შემდეგ „ფლამენგოს“ ჩემპიონობა გაოფიციალურდა.

ბრაზილიის სერია A-ს დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, „ფლამენგოს“ 81 ქულა აქვს, მეორე-მესამე ადგილებს კი „პალმეირასი“ და „სანტოსი“ 68-68 ქულით იყოფენ. შესაბამისად, 4 ტურში 13 ქულის აღმოფხრვა შეუძლებელია.

„ფლამენგო“ ისტორიაში მეშვიდედ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი (1980, 1982, 1983, 1987, 1992, 2009, 2019 წლები). საერთოდ რიო დე ჟანეიროელთა ასეთი წარმატებული სეზონი დიდად გასაკვირი არაა, რადგან ძალზე გამოცდილ მწვრთნელთან ერთად (ჟორჟე ჟესუსი), ბევრი ცნობილი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული: დიეგო ალვეში, რაფინია, როდრიგო კაიო, ფილიპე ლუისი, ჯორჯიან დე არასკაეტა, ჟერსონი, დიეგო, ვიტინიო, გაბრიელ ბარბოსა და ბრუნო ენრიკე მათ შორის გამორჩეულები არიან.

თეგებიფლამენგო
0.115203