სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:50 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ"

უნგრული „მეზოკოვესდის“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ჩინებულ ფორმაშია და ადგილობრივ ჩემპიონატში 11 თამაშში 6 გოლი გაიტანა. ამ შედეგით კი, 25 წლის ჩვენებური ბომბარდირთა დავაში მოწინავე პოზიციაზეა (პირველ ადგილოსანს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება).

„მეზოკოვესდის“ ვებგვერდი ბუდუს გაესაუბრა და უნგრეთში გატარებული პერიოდი შეაფასებინა. გარდა ამისა, ჩვენებურმა საქართველოს ნაკრებში შესაძლო გამოძახებაზეც ისაუბრა.

- ნახევარი წელი გავიდა. როგორ გრძნობთ თავს „მეზოკოვესდში“?

- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვთამაშობ. ყველა თვალსაზრისით კარგ მდგომარეობაში ვართ, რადგან კლუბის მენეჯმენტი ფეხბურთელებს იდეალურ პირობებს სთავაზობს. გულწრფელად მინდა ვთქვათ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე აქ გადმოსასვლელად.

- რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი თამაშით?

- ჯერჯერობით ექვსი გოლი მაქვს გატანილი, რაც ძალიან მახარებს. ეს ჩემი საქმეა, ასე შემიძლია გუნდის დახმარება. ჩემი მიზანი უფრო შედეგიანად ვითამაშო, რომ გუნდს გამარვებაში დავეხმარო და მინდა, რომ ბომბარდირიც გავხდე. ჩემს თანაგუნდელებთან კარგად ვართ შეთამაშებული და მათთან თამაში ძალიან მომწონს.

- თქვენ სწრაფად გახდით გულშემატკივრების ერთ-ერთი ფავორიტი. რამდენად მნიშვნელოვანია ქომაგების მხარდაჭერა?

- გულშემატკივარი მეთორმეტე ფეხბურთელია. ყოველთვის ვგრძნობთ ქომაგების მხარდაჭერას, შესანიშნავი გრძნობაა. მადლობას ვუხდით, რადგან მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდით. იმედი მაქვს, ერთად ბევრჯერ გავიხარებთ.

- გუნდი მოწინავე სამეულშია. რა არის წარმატების საიდუმლო?

- საიდუმლო არაა, მაგრამ გუნდში ძალიან კარგი, ჰარმონიული განწყობაა. მართლაც ყველა პირობაა, როგორც პროფესიონალურად, ისე ტექნიკურად. ჩვენ ვთამაშობთ კარგ ფეხბურთს და ჩვენს წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა.

- შემდეგ მატჩი „კაპოშვართან“ გელით. როგორი მატჩი იქნება?

- უნგრეთის ჩემპიონატში ადვილი თამაში არ არსებობს. საომარი მატჩი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, გვინდა სამი ქულის მოპოვება, რომ მესამე ადგილი შევინარჩუნოთ და მეორე პოზიციითაც არ ვიქნებით უკმაყოფილო.

- ვიცით, რომ უნგრულ ენას სწავლობთ. რამდენად რთულია?

- საკმაოდ რთული სიტყვები გაქვთ და მათი გამოთქმა ჩემთვის ნამდვილი გამოცდაა. მოხარული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად სწრაფად ვისწავლო. ჩემი პირველი სიტყვა იყო, მადლობა.

- თქვენ მშვენიერ ფორმაში ხართ. ელოდებით თუ არა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას?

- სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივია საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა. ჯერჯერობით, მხოლოდ ოთხჯერ მიმიწვიეს ნაკრებში. რა თქმა უნდა, ოცნება მაქვს, რომ ვითამაშო საქართველოს ნაკრებში და ვგრძნობ, რომ „მეზოკოვესდში“ ყველაფერი მაქვს ამ ოცნების ასასრულებლად.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.134771