ფეხბურთი

19:10 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივიდან" "დინამოში" - კვირკველიას მოსკოვური გუნდი ეპატიჟება

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვირკველია შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში მოსკოვის „დინამოში“ გადავიდეს. ფედერალური ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, თეთრ-ლურჯები დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და ქართველს თვალი დაადგეს.

კვირკველიას კარიერაში კი, ალბათ ყველაზე რთული პერიოდი დგას, იმაზე რთული, ვიდრე ყაზანის „რუბინში“ ჰქონდა 3 წლის წინ. 27 წლის ქართველმა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ძნელად სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში ვითარება შეიცვალოს.

შესაბამისად, ზამთარში „რკინიგზელთა“ რიგებიდან აბარგება მოულონდელი მართლაც არ იქნება. „ლოკომოტივი“ ჩვენებურს 10 მილიონი ევროს ფარგლებში აფასებს.

მიმდინარე სეზონში სოლომონმა იური სიომინის გუნდის რიგებში ერთადერთი(!) თამაში ჩაატარა და ისიც, ყველაზე უმნიშვნელო - რუსეთის თასზე „ბალტიკასთან“.

არადა, მანამდე ორსეზონნახევარი კვირკველია არამარტო „ლოკომოტივის“, არამედ რუსეთის პრემიერლიგის გამორჩეული მცველი გახლდათ. 2017 წლის იანვრიდან ქართველმა ფეხბურთელმა მოსკოვური გუნდის ღირსება 98-ჯერ დაიცვა (ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან ჩაატარა და ერთადერთხელ შეცვალეს, ისიც ტრავმის გამო) და 3 გოლი გაიტანა.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ 2.5 სეზონის განმავლობაში კვირკველია "ლოკომოტივის" აბსოლუტურად შეუცვლელი ფიგურა იყო და სწორედ ამის ფონზე, ძალიან უცნაურია ის ყველაფერი, რაც მიმდინარე სეზონში ხდება. არსებობს ლოგიკური საფუძველი იმისიც, რომ სასტარტო შემადგენლობიდან ერთი ხელის მოსმით ამოგდება, მხოლოდ სპორტულ ფაქტორებს არ უკავშირდება.

0.115606