ესპანეთის ლიგა ენდესას მეცხრე ტურში მორიგი წარუმატებელი მატჩი ჰქონდა „ბასკონიას“, რომელიც მიმდინარე სეზონში მეტისმეტად არასტაბილურად თამაშობს. ვიტორიელებმა „ფუენლაბრადას“ უმასპინძლეს და მეორე-მესამე პერიოდის ჩაგდება (ჯამში -11) წაგების ფასად დაუჯდათ.
უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრები მთელი თამაში დომინირებდნენ და სამი პერიოდი თავის სასარგებლოდ დაასრულეს, რაც ბუნებრივია ანგარიშშიც აისახა - 80:92.
აღარ გვიკვირს, რომ „ბასკონიას“ უფერული თამაშის მიუხედავად, თორნიკე შენგელია ჩინებულად ირჯება. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 35:19 წუთში 26 ქულა, 8 მოხნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 16-დან 8 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა. თუმცა ამ მაჩვენებლით ქართველი თანაგუნდელ ჰენრი პიერიას (24) და „ფუენლაბრადას“ წევრ ალექს ურტასუნს ჩამორჩა (26).
სამაგიეროდ, შენგელიას ბადალი არ ჰყოლია მოპოვებულ ქულებში და 26 ქულით მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება მეტ ჯენინგს, ამერიკელი საკუთარ გუნდს მხოლოდ 6 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით შეეწია.
„ბასკონია“ 9 ტურის თავზე 4 მოგებით და 5 წაგებით მე-11 პოზიციას იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში 24 ნოემბერს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.