ფეხბურთი

4:34 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით - არა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან (0:1) მატჩი შეაფასა. სლოვაკი სპეციალისტი თამაშის ხარისხით კმაყოფილი დარჩა, შედეგით - არა.

ვაისმა აღნიშნა, რომ შვეიცარიასთან 90 წუთი თანაბარ ტემპში თამაში ძალიან რთულია და მცირე შეცდომა წაგების ფასად დაუჯდათ. სლოვაკმა ფეხბურთელებიც შეაქო, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ შეტევაში მეტი აგრესიულობაა საჭირო.

"საწყისი ოცი წუთი შვეიცარიამ შეტევაში ძალიან კარგად ითამაშა. ამის შემდეგ თამაშის გადაწყობა მოვახერხეთ, უფრო მეტს ვმოძრაობდით და მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მცირე შეცდომის შედეგად, გოლი მივიღეთ. საბოლოო ჯამში, გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით მაღალი დონის თამაში იხილა.

​ვულოცავ შვეიცარიას მოპოვებულ გამარჯვებას, ვთვლი, რომ ჯგუფის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. შვეიცარიის ნაკრებს და მის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ პეტკოვიჩს გიბრალტარის წინააღმდეგ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ვუსურვებ.

მეორე ტაიმში ყაზაიშვილმა კარგად ითამაშა. ქვილითაიამ კარგად იბრძოლა, აკანჯის, ელვედისა და როდრიგესის წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არაა. კარგი მატჩი ჩაატარა იან სომერმაც, მაგრამ გიორგი ლორია დღეს ბრწყინვალე იყო. ჩვენ ორი-სამი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ისინი უნდა გამოგვეყენებინა. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, თუ წარმატების მიღწევა გვსურს, გოლები უნდა გავიტანოთ. შეტევაში მეტი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ და საჯარიმოში უფრო აგრესიულები ვიყოთ. ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ სომერმა კარგად ითამაშა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საწყისი ოცი წუთი შვეიცარია უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ ვაჯობეთ. მეტოქეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს, მსურს მათ ამის გამო კომპლიმენტი ვუთხრა. დაცვაში და შეტევაში კარგად ვმოქმედებდით, კარგი ბალანსი გვქონდა. ჯაბა კანკავამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ასევე კარგი იყო შენგელია და 18 წლის დავითაშვილი. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. სამწუხაროდ, ერთი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. ყველა გუნდისთვის რთულია შვეიცარიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში თანაბარ ტემპში თამაში", - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში გამოსვლა 8 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. 2019 წლის ბოლო მატჩს კი, პულაში, ხორვატიასთან ჩაატარებს.

0.115371