„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა როი კინმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რაჰიმ სტერლინგისა და ჯო გომესის წაჩხუბების ამბავი ძალიან გაბერილია.
„ბევრჯერ მინახავს როგორ არკვევენ ფეხბურთელები ურთიერთობებს მუშტებით და მინდა გითხრათ, რომ სტერლინგისა და გომესის ინციდენტი ძალიან გაბერილია. ვფიქრობ, მოთამაშეების გაკრიტიკებას ძალიან ვჩქარობთ ხოლმე. თუმცა, სტერლინგს არ ვიცავ.
მე პეტერ შმაიხელთან სასტუმროში მიჩხუბია. ეს ფოიეში მოხდა, დილის ოთხ საათზე, ამიტომ გარშემო ბევრი ხალხი არ იყო. მერე მწვრთნელისგან მოგვხვდა - შევრცხვითო, გვითხრა მან. პეტერმა ბოდიში მოიხადა და ყველაფერი დავივიწყეთ. იმ შემთხვევას არც ჩვენს მომავალ ურთიერთობებზე უმოქმედია.
ხანდახან გუნდელებს შორის შეხლა-შემოხლა ხდება ხოლმე, მაგრამ მერე ყველაფერი გვარდება. უბრალოდ, ზოგჯერ ჰაერი დაძაბულობისგან უნდა გაიწმინდოს.“ - ციტირებს კინის სიტყვებს Daily Mail.