მიუნხენის „ბაიერნში“ არსენ ვენგერის დანიშვნა გამოირიცხა. ფრანგმა სპეციალისტმა ახალი სამსახური დაიწყო და ფეხბურთსაც დაუბრუნდა, მაგრამ სამწვრთნელო ასპარეზზე არა.
ფიფას ვებგვერდის ცნობით, ვენგერი გლობალური ფეხბურთის განვითარების უფროსის თანამდებობაზე იმუშავებს. ამასთან, ფრანგი ფეხბურთის განვითარების პროცესის მეთვალყურე იქნება და ტექნიკური საკითხებშიც უშუალოდ ჩაერთვება.
„მოუთმენლად ველოდები ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევის მიღებას. ფიფას მისია ნამდვილად გლობალურია. მჯერა, რომ ბოლო წლებში ახალ ფიფას სპორტი თავისი მიზნების ცენტრში ჰყავს. ვიცი, რომ ამაში წვლილის შეტანა შემიძლია და მთელს ენერგიას ჩავდებ“, - თქვა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ 70 წლის სპეციალისტის ბოლო დროს „ბაიერნთან“ აკავშირებდნენ. მიუნხენელთა ინტერესზე თავად ფრანგმაც ისაუბრა, მაგრამ საბოლოოდ სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებისგან თავი შეიკავა.