კალათბურთი

2:10 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 17 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“, რომელმაც სტუმრად „ბილბაოს“ 97:90 სძლია. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ სტუმრებმა დასკვნით ათწუთეულში იძალეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

კარგი თამაში ჰქონდა ბურჯანაძეს, რომელმაც 20:44 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა, რაც MVP-ის ტიტულისთვის საკმარისი არ გამოდგა. ისე კი, ჩაგდებულ ქულებს თუ გავითვალისწინებთ, ქართველზე შედეგიანად მხოლოდ ჯონ შურნამ (19 ქულა) და „ბილბაოს“ წევრმა აქსელ ბუტილემ (20 ქულა) ითამაშეს.

„გრან კანარიას“ 4-4 მოგება-წაგებით მეშვიდე ადგილი უკავია, 17 ნოემბერს კი, „მურსიას“ საკუთარ კედლებში დაუხვდება.

0.105855