კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველ მატჩში ბათუმის "დინამომ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში გოლები გიული მანჯგალაძემ (24წ) და ჯაბა ჯიღაურმა (48წ) გაიტანეს.
ბათუმელებმა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და დროებით პირველ ადგილზე გადავიდნენ. გია გეგუჩაძის გუნდს 67 ქულა აქვს და ერთი ქულით უსწრებს თბილისის "დინამოს", რომელიც ამავე ტურის მატჩს ხვალ "რუსთავის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ბოლნისელები კი გასავარდნ ზონაში არიან და მომდევნო მატჩს "ლოკომოტივთან" გამართავენ.