ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი შვეიცარიულ „ლუგანოსა“ და შვედურ „მალმეს“ შორის ქართველებმა იმსაჯეს. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო, მას ასისტენტობა ლევან ვარამიშვილმა და ზაზა ფიფიამ გაუწიეს, ხოლო მეოთხე არბიტრის ფუნქცია გიორგი ვადაჭკორიამ შეასრულა.
შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო ყრუაშვილმა 6-ჯერ ყვითელი ბარათი გამოიყენა. ერთხელ მასპინძლები, ხუთჯერ კი სტუმრები გააფრთხილა.
57-ე წუთზე ქართველ მსაჯთა ბრიგადამ ვეჩსეის გოლი გააუქმა, რომელმაც კუსტოდიოს ჩაწოდების შემდეგ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
აქვე გეტყვით, რომ ამ მატჩამდე ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ქართველს ბოლოს 2007 წლის 29 ნოემბერს ჰქონდა განსჯილი, როდესაც „ალკმაარი“ – „ლარისას“ შეხვედრას ლევან ფანიაშვილი უძღვებოდა.