უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა.
შეჯიბრების ბოლო დღეს ჩემპიონობის შანსი გიორგი მელიას (97 კგ) ჰქონდა, მაგრამ ფინალში ფინელ არვი სავოლაინენთან 3:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
82 კგ წონით კატეგორიაში კი, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა აივენგო რიკაძე, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უნგრელ ტამაშ ლევაის 4:2 აჯობა და კვარცხლბეკზე ავიდა. ბრინჯაოს მედლის შანსი რამაზ ზოიძესაც ჰქონდა, რომელმაც რეპეშაჟში რუსი მაგომედ იარბილოვი 6:1 დაამარცხა, მაგრამ სამედლო შეხვედრა უკრაინელ მაქსიმ იევცუშენკოსთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო (3:4).
აქვე ვთქვათ, რომ 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლებს ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ), ხოლო ბრინჯაოს აივენგო რიკაძე (82 კგ) დაეუფლნენ.