შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში ოთარ კაკაბაძის „ლუცერნმა“ „ლუგანოს“ უმასპინძლა და ვერაფერი გაახერხა, 1:2 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელმა დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეუცვლელად ითამაშა და მისი გუნდის ერთადერთ გოლში დიდი წვლილი შეიტანა. ოთარმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში კარგად ჩააწოდა და იბრაჰიმა ნდიაიემ თავური დარტყმით ანგარიშის სხვაობა შეამცირა. ეს 83-ე წუთზე მოხდა და დარჩენილი დრო „ლუცერნის“ თამაშის გადასარჩენად არ ეყო.
24 წლის ქართველ მცველს შვეიცარიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და შედარებისთვის, შარშან მთელ სეზონში ზუსტად ამდენჯერ გავიდა მინდორზე. „ლუცერნი“ კი 13 ტურში მოპოვებული 15 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 საფეხურზე იმყოფება.