ფეხბურთი

16:15 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიონმა" და "რუსთავმა" ადგილები გაცვალეს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის გარდა, პლეი-აუტის ზონაშიც დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და დღეს უშუალო კონკურენტები, „სიონი“ და „რუსთავი“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ბოლნისელები გამარჯვების შემთხვევაში მეტოქეს გადაასწრებდნენ და რა გასაკვირია, რომ შეხვედრა ძალზე აქიურად დაიწყეს. შედეგად, „სიონმა“ პირველივე ნახევარში ორჯერ დაამწუხრა სტუმარი. ორჯერ ბექა გვარაძე გამოირჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს რუსთაველებმა ქავთარაძის პენალტით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მეორე ვეღარ გაიტანეს და უქულოდ დარჩნენ. ეგ კი არა, მსაჯის კომპენსირებულ დროში რატი ცაცკრიალაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა, თორემ „სიონი“ უფრო დამაჯერებლად მოიგებდა.

ბოლნისელებმა ზედიზედ მეორედ იმარჯვეს, 38 ქულა დააგროვეს და მერვე ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო „რუსთავი“ 37 ქულით მეცხრე საფეხურზე დაქვეითდა. თუმცა, სამშვიდობო ზონა იქვეა, რადგან „ტორპედო“ და „დილა“ შესაბამისად 40 და 38 ქულით იწონებენ თავს.

„სიონი“ – „რუსთავი“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 გვარაძე (24), 2:0 გვარაძე (37), 2:1 ქავთარაძე (45, პენ)

0.134865