ფეხბურთი

1:47 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორი ეპიზოდი, რომელმაც შესაძლოა ერთი გუნდის ისტორია შეცვალოს (+VIDEO)

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლგიის 2019 წლის სეზონი ნელ-ნელა დასასრულს მიაუხლოვდა და ფინიში რაც უფრო ახლოვდება, ვნებათაღელვა მძაფრდება. ეს ბუნებრივია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხომ სამი გუნდია ჩაბმული და ახლა ისე, როგორც არასდროს, თითოეულ ქულას პირდაპირი მნიშვნელობით ოქროს ფასი ადევს.

33-ე ტურში გათამაშების ლიდერი „დინამო ბათუმი“ ზედიზედ სამი ფრის შემდეგ ივანწმინდაში „ჩიხურას“ ესტუმრა და შეხვედრა სკანდალური გამოდგა. იმდენად სკანდალური, რომ აჭარული გუნდის მფლობელმა არჩილ ბერიძემ გუნდიდან წასვლა დააანონსა და როგორც ცნობილია, დღეს, 13:00 საათზე სპეციალურ პრესკონფერენციასაც გამართავს, სადაც ალბათ სათქმელს პირდაპირ იტყვის და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ გავიგებთ. ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ თუნდაც სამართლიანი გაბრაზების ფონზე გუნდიდან წასვლა და არც ისე დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის მიტოვება, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც ლოგიკური და მოსაწონი ნაბიჯი არაა.

იქამდე კი, „დინამო“ „ჩიხურასთან“ დამარცხდა და ამაში განსაკუთრებული არაფერია - ნებისმიერმა შეიძლება წააგოს, მითუფრო ასეთი წნეხის ფონზე, როდესაც ჩემპიონობა თან ასე ახლოსაა და თან ასე შორს. თუმცა, ბათუმელთა პრეტენზია მთავარი მსაჯის, გოგა კიკაჩეიშვილის მიმართაა განკუთვნილი და ვერ ვეტყვით, რომ უსამართლოდ.

მართლაც იყო ორი მეტად საკამათო ეპიზოდი, რომელიც წესითა და რიგით კიკაჩეიშვილს სხვაგვარად უნდა გადაეწყვიტა. პრინციპში, საკამათო ალბათ არც არაფერია, მაგრამ ვინაიდან მსაჯმა სხვაგვარად განსაჯა, კამათიც გამოიწვია. თანაც, ორივე ეპიზოდი მაშინ დაფიქსირდა, როდესაც უგოლო ფრე იყო და თავისუფლად შეიძლებოდა მატჩის ჩარხი სხვანაირად დატრიალებულიყო. ცხადია, არც იმას ვამტკიცებთ, რომ პენალტი რომ დანიშნულიყო ან შოთა კაშია გაეძევებინა, „დინამო“ „ჩიხურას“ აუცილებლად დაამარცხებდა, მაგრამ ფაქტი მაინც უტყუარია - მსაჯი შეცდა.

27-ე წუთზე, როდესაც ვლადიმერ დვალიშვილმა კარში დაარტყა, ბურთი დავით მაისაშვილს ხელზე მოხვდა. კიკაჩეიშვილს ერთი შეხედვით კარგი პოზიცია ეკავა, იქვე იდგა და ეპიზოდის ავან-ჩავანი არ უნდა გამორჩენოდა, მაგრამ პენალტის ნიშნულისკენ არ მიუთითა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ჯოვინო ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თითქოს უნდა დაერტყა, როდესაც უკნიდან შოთა კაშიამ ვარდნა განახორციელა და ბრაზილიელმა კოორდინაცია დაკარგა - მინდორზე დაეცა. მსაჯის სასტვენი ამ შემთხვევაშიც დუმდა, არადა, ამჯერზეც ახლოს იმყოფებოდა მოვლენების ეპიზოცენტრში და სხვათა შორის, გვერდითი არბიტრიც კარგად ხედავდა სათამაშო მომენტს. წესის დარღვევა აქაც აშკარა გახლდათ, გარდა მეტად სახიფათო ჯარიმისა, საჩხერელთა გამოცდილი მცველის გაძევება ბოლო იმედის ჯარიმისთვის თავისუფლად შეიძლებოდა. სწორედ ზემოხსენებული ეპიზოდებს მოჰყვა მოგვიანებით „დინამოს“ მეპატრონის განრისხება და ვინ იცის, ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება.

ცხადია, უშეცდომო არავინაა და მითუფრო საქართველოში მსაჯების შეცდომით ვერავინ ვერავის გააკვირვებს, თუნდაც მიმდინარე სეზონში, იგივე გასული ტურის ცენტრალურ მატჩში („საბურთალო“ – „დინამო თბილისი) იყო საკამათო ეპიზოდები. თუნდაც დაახლოებით ერთი თვის წინ „საბურთალოს“ საჯარო პრეტენზიები მსაჯის მიმართ (რამდენიმად სამართლიანი თუ უსამართლო, ცალკე საკითხია), მაგრამ ივანწმინდაში მომხდარს დიდი რეზონანსი მოჰყვა და სხვა თუ არაფერი, შესაძლოა კლუბის მომავალზე პირდაპირი ზეგავლენა იქონიოს თუ რა თქმა უნდა, ბერიძე გუშინ დააანონსებულს არ გადათქვამს.

ისე, ძვირი სიამოვნება და ნამდვილი ფუფუნებაა, მაგრამ, როდესაც თანამედროვეობასთან ფეხის აწყობა გვსურს, ურიგო არ იქნებოდა, საქართველოშიც (უმაღლეს ლიგაში დანამდვილებით) ნელ-ნელა VAR-ის ტექნოლოგიაზე ფიქრი და შესაბამისი მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაგვეწყო. სხვა თუ არაფერი, კარგად ვეხდავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მთელი საფეხბურთო სამყარო ახალ რელსებზე გადადის და ნაწილი უკვე გადავიდა კიდეც. აუცილებელი არაა, უეფამ ან ფიფამ რამის გაკეთება დაგვავალდებულოს, ვიდეორეფერი ჯერჯერობით ნებაყოფლობითია...

თუმცაღა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, რა დროს VAR-ის დანერგვაზე ფიქრია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ლიგის მატჩები ისეთ საფეხბურთო მოედნებზე (მოედნებზე და არა სტადიონზე, ეს კიდევ ცალკე საკითხია) ტარდება, როგორიც ივანწმინდაშია. მინდორი, რომელიც ალბათ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და შესაბამისად, ვერც ვერანაირ კრიტიერიუმს აკმაყოფილებს. სამართლიანობისთვის, ისიც აღვნიშნოთ, რომ ამ მოედანზე „დინამო ბათუმის“ გარდა, ეროვნული ლიგის დანარჩენ გუნდებსაც მოუწიათ თამაში (თანაც ორ-ორ გზის), მაგრამ ეს ფაქტი საერთოდ არ აქარწყლებს იმას, რომ მსგავს მინდორზე საფეხბურთო მატჩი იმართება და მეტიც, ყველაფრის თავი და თავია...

0.119418