ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები საქართველოში ჩამოვლენ. მათ გუნდის იჯარით შესყიდვა სურთ და ქუთაისში დიდი გეგმები აქვთ.
როგორც ჩხეტიანი ამბობს, "ტორპედოს" გადარჩენა ყველას ინტერესში შედის და ამიტომ, არ ფიქრობს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ან სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან.
"გერმანული "აინტრახტის" აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს.
მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით, დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან. "ტორპედოს" გადარჩენა ყველას ინტერესშია! ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება.
3-4 დღეში "აინტრახტის" აქციონერები საქართველოში ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ... თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცენდენტი იქნება", - ციტირებს ჩხეტიანის სიტყვებს "ტორპედოს" ვებგვერდი.