ფეხბურთი

22:45 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" მოუგებელი სერია დაასრულა

გერმანიის ბუნდესლიგას არასრული 9 ტურის შემდეგ ლიდერი შეეცვალა. მიუნხენის „ბაიერნი“ მინიმუმ ერთი დღით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. მინიმუმ ერთი დღით იმიტომ, რომ კვირას „გლადბახსა“ და „ვოლფსბურგს“ შანსი აქვთ „რეკორდმაისტერი“ უკან მოიტოვონ.

იქამდე კი, ნიკო კოვაჩის გუნდმა ფეერიული თამაში ვერ აჩვენა „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ, მაგრამ მთავარი გააკეთა და სამი ქულა მოიპოვა, რითაც ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ბენჟამინ პავარის დასაწყისშივე გატანილ გოლს, მეორე ტაიმის სტარტზე რობერტ ლევანდოვსკიმ მეორე შეაგება, რასაც სტუმრებმა პოლტერის პენალტით უპასუხეს, თუმცა მეტი ვერ გაახერხეს და მარცხი იწვნიეს. სხვათა შორის, 2:0-ზე „უნიონმა“ პენალტი ვერ გაიტანა (ანდერსონს ნოიერმა აჯობა), თორემ ვინ იცის, მიუნხენელებს მიჯრით მესამე თამაში ვერ მოეგოთ. „ბაიერნმა“ ამ გამარჯვებით 18 ქულა დააგროვა და ლიდერია, მაგრამ ჯერ ტური არ დასრულებულა.

ტურის ცენტრალური მატჩი კი, „ველტინს არენაზე“ შედგა, სადაც რურის დერბი გაიმართა, მაგრამ გულშემატკივართა მოლოდინი ვერ გაამართა. „შალკემ“ სეზონი წარმატებულად დაიწყო, ხოლო „დორტმუნდი“ ჯერჯერობით ოდენ არასტაბილურობით გამოირჩევა. გელზენკირხენში გამარჯვებული არ გამოვლენილა, გუნდებმა საგოლე შანსები ანიავეს და საბოლოოდ უგოლო ფრით გაიყარნენ. შედეგად, „დორტმუნდმა“ 16, ხოლო „შალკემ“ 15 ქულა დააგროვა.

ბუნდესლიგის დებიუტანტმა „პადერბორნმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნანატრი დღე „დიუსელდორთან“ დაუდგა, რომელმაც 2:0 აჯობა და როგორც იქნა სამი ქულა მოიპოვა. თუმცა კი, ჯერ ისევ ბოლო ადგილზეა 4 ქულით და ელიტაში დასარჩენად გაცილებით მეტი გარჯა მოუწევს, ვიდრე აქამდე გააკეთა.

მხიარული მატჩი შედგა ბერლინში, სადაც „ჰერტა“ „ჰოფენჰაიმთან“ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩამორჩენა აღმოფხვრა და უქულოდ დარჩენას არც აპირებდა, თუმცა „სოფლელებმა“ საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე კიდევ ერთხელ მოახერხეს დაწინაურება და გამარჯვებაც იზეიმეს. ზინსჰეიმელებს 14 ქულა დაუგროვდათ და ცხრილის შუაში არიან, მაგრამ ბუნდესლიგაში სიმჭიდროვეა და ევროზონაც ხელისგაწვდენაზეა.

„ფრაიბურგის“ ზღაპრული სეზონი კი, გრძელდება, რომელმაც შინ „ლაიფციგი“ დაამარცხა (2:1). „ფრაი“ მართლაც დიდებულ ფორმაშია და 17 ქულით მეორე ადგილზე წამოსკუპდა.

დღის ბოლო მატჩი ლევერკუზენში, „ბაიერსა“ და ბრემენის „ვერდერს“ შორის შედგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ფარმაცევტები“ სწრაფადვე ომერ ტოპრაკის ავტოგოლით დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ „ვერდერმა“ სიტუაცია გამოასწორა, ორჯერ გაიტანა და თავად გავიდა წინ. თუმცა, ალარიოს გოლმა „ლევერკუზენს“ ქულა გადაურჩინა.

მე-9 ტური კვირას, „ვოლფსბურგი“ – „აუგსბურგისა“ და „გლადბახი“ – „აინტრახტის“ მატჩებით დასრულდება.

„ბაიერნი“ – „უნიონი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 პავარი (13), 2:0 ლევანდოვსკი (53), 2:1 პოლტერი (86, პენ)

„შალკე“ – „დორტმუნდი“ 0:0 (0:0)

„ჰერტა“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 ლოკადია (33), 0:2 კრამარიჩი (38), 1:2 ლუკებაკიო (55), 2:2 კალუ (69), 2:3 უბნერი (79)

„ფრაიბურგი“ – „ლაიფციგი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰოფლერი (45), 2:0 პეტერსენი (90), 2:1 კლოსტერმანი (90)

„პადერბორნი“ – „დიუსელდორფი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 საბირი (43), 2:0 შოლაუ (64)

„ლევერკუზენი“ – „ვერდერი“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ტოპრაკი (4, ა.გ), 1:1 რაშიცა (40), 1:2 კლაასენი (48), 2:2 ალარიო (58)

თეგებიბუნდესლიგა
0.121764