ევროლიგაში ჩინებული მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც „ბასკონიას“ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ ულიდერა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.
ვიტორიელების უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში აშკარა გახლდათ და გამარჯვებაც ადვილად მოახერხეს. „ბასკონიამ“ ბერძნული გრანდი ოთხივე პერიოდში (23:21, 18:15, 17:13, 24:17) დაჯაბნა და საბოლოოდ 88:66 იმარჯვა.
თორნიკემ 29:45 წუთი გაატარა პარკეტზე და ხსენებულ დროში ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. 25 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება - ეს ჩვენებურის მონაგარია.
შენგელიამ 16-დან 9 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. შედეგად, მატჩის საუკეთესო მექულე და MVP გახდა, რადგან მარგი ქმედების კოეფიციენტის 28 მაჩვენებელი მხოლოდ ქართველს ჰქონდა. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა მეტ ჯენინგმა 17 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს.
„ბასკონიას“ 2 მოგების წილ 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი, 29 ოქტომბერს, საფრანგეთში, „ლიონს“ესტუმრება.