ფეხბურთი

21:45 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამია გავაშელიშვილი: "ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ მოედანს ვერ დავუბრუნდებოდი"

თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი მამია გავაშელიშილი გამოჯანრთმელდა და ფეხბურთში დასაბრუნებლად ემზადება.

24 წლის ფეხბურთელმა სიმსივნის დაავადება დაამარცხა და როგორც თავად განაცხადა, ძალიან ბედნიერია. ქართველმა შემტევმა მადლობა გადაუხადა კლუბს, ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და უცნობებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში ამხნევებდნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვე და სრულიად ჯანმრთელი დავბრუნდი. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ 9 თვის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და მამხნევებდა: ჩემი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობი და უცნობი ადამიანები. უამრავმა ადამიანმა მომწერა და დამირეკა და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა.

განსაკუთრებული მადლობა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტს - ლექსო თოფურიას, რომელიც პირველივე დღიდან ყველანაირად მეხმარებოდა და მხარს მიჭერდა. მადლობა ლოკოს თითოეულ წევრს, ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოწყენისა და ხელის ჩაქნევის საშუალება არ მომცეს. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობა ეროვნული ლიგის კლუბებსა და ფეხბურთელებს.

ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ მოედანს ვეღარ დავუბრუნდებოდი. ჩემი გუნდის ვარჯიშებს საგურამოში თითქმის სულ ვესწრებოდი და თითქოს ამით ვინაზღაურებდი დანაკლისს. იმედი მაქვს, რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით წავა და ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის, უკვე გუნდს შევუერთდები.

განვლილმა პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა და ბევრ რამეზე დამაფიქრა. მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც მძიმე დაავადებას ებრძვის - არასდროს დანებდეთ, შეუძლებელი არაფერია. ძლიერები იყავით და ყველაფერი გამოვა“, - ციტირებს „ლოკომოტივის“ ვებგვერდი გავაშელიშვილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მამია გავაშელიშვილს გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული არ უვარჯიშია. ახლა კი, თავდაპირველად სარეაბილიტაციო კურსს გაივლის და დამდეგი სეზონისთვის გუნდთან ერთად მოემზადება.

0.104557